ილია ჭავჭავაძის ძეგლი რეაბილიტირებულია

წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ფოტო, რომელიც ამ მოვლენას აფიქსირებს, დიდი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში.

ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და ის 4 თვეში უნდა დასრულებულიყო. პროექტის ავტორია არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი.

რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძეგლის კვარცხლბეკსა და მასთან მისასვლელ კიბეებს, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.

“პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 544.997,95 ლარია. საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება პრიორიტეტული საკითხია. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა, თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა. შესაბამისად, სრულად იქნება დაცული ყველა ის პარამეტრი, რომელიც რეაბილიტაციის სრულფასოვნად და მაღალი ხარისხით განხორციელებას უზრუნველყოფს. ფონდის დაკვეთით, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი უკვე შემუშავდა. საპროექტო კომპანიას პროექტირებისთვის 75 დღიანი ვადა ჰქონდა, სამშენებლო სამუშაოებისთვის კი 4 თვიანი ვადაა განსაზღვრული. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უკვე შეათანხმა. პროექტი 4 თვეში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით ბევრი აქცია ჩატარდა. თუმცა, ძეგლის რეაბილიტაციის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაავალა პროექტის განხორციელება. 2 თვის განმავლობაში საპროექტო კომპანიამ იმუშავა ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე. ახლა კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რომლის შედეგადაც ილია ჭავჭავაძის ძეგლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება და მალე ჩვენი საზოგადოება ილიას მონუმენტს განახლებული სახით იხილავს,” – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისას.



კომენტარები