ბუნების საოცრება - საქართველოს რუკის ფორმის `ანგელოზის ტბა`

"ჩვენ, სვანები მას ანგელოზის ტბას ვეძახით. საქართველოს რუკის ფორმა ისე მიიღო, რომ ხელიც არავის უხლია"

"ადგილობრივებს სწამთ, რომ თუ ტბაში ქვას ჩააგდებ, წვიმა წამოვა"

"ეს ტბაც საქართველოს ტერიტორიებივით პატარავდება - მთხრობელთა თქმით ის ადრე ბევრად უფრო დიდი ყოფილა..."


"ანგელოზის ტბა" - ასე ჰქვია ბუნებისგან იდუმალებითა და სილამაზით დაჯილდოებულ სვანეთში არსებულ ტბას, რომელიც ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი მისი ფორმის გამოც გახდა. გარდა იმ ლეგენდებისა, რომელიც მას უკავშირდება, მას საქართველოს რუკის ფორმა აქვს. მის ფორმის ბუნებრიობაში ბევრს ეჭვიც შეეპარა და ადამიანის ხელით შექმნილი, ფოტოშოპით დამუშავებული ეგონა...

 

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ანგელოზის ტბის პოვნის ისტორიას გვიამბობს: 

ეს საოცარი ტბა, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. სვანეთში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. იმ მორიგი მოგზაურობის დროს, ვფიქრობდი, კიდევ რა უნდა ვნახოთ მეთქი... ერთ დღესაც ჩემ სვან მეგობართან, დათო ჯაფარიძესთან ერთად მესტიიდან 12 კმში მდებარე ქორულდის ტბებისკენ გავწიე. ეს არის მესტიის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე. იქიდან ყველაზე კარგი ხედია, მესტია ხელის გულივით ჩანს. აი, ბოლო 1 კმ რომ დამრჩა, ჩემ მეგობარს ვთხოვე, - გააჩერე, რამდენიმე ხედი უნდა გადავიღო-მეთქი. რამდენიმე კადრის აღების შემდეგ, ფერდობს რომ გავცდით, ფერდობზე ლურჯად არეკლილი წყალი შევნიშნე. ღმერთო ჩემო, საქართველოს რუკას როგორ ჰგავს-მეთქი! ემოციისგან ლამის ვიყვირე. დათოს ჩემს რეაქციაზე გაეღიმა, - ჩვენ, სვანები მას ანგელოზის ტბას ვეძახით. საქართველოს რუკის ფორმა ისე მიიღო, რომ ხელიც არავის უხლიაო... 

ვცდილობდი, ისეთი სიმაღლე მომეძებნა, რომ ანგელოზის ტბა ხელისგულივით გამოჩენილიყო. ცოტაოდენ ტაფობშია, ანუ ჩაღრმავებულ ადგილას და იქაურობა მთლიანად ლელქაშშია ჩაფლული. მივხვდი, რომ ახლოს მისვლას ვერ შევძლებდი, რადგან გარშემო ჭაობია. ტბა ერთი ციცქნაა, სულ 10 მეტრამდე იქნება. როდესაც დათოს ვკითხე, როგორ მიიღო ასეთი ფორმა-მეთქი, მიპასუხა, ასეთი გახდა, გარშემო ლელქაშები ამ ფერით ამოვიდაო... მისივე თქმით, ტბა თოვლის ნადნობი წყლებით იკვებება. წელიწადის სხვადასხვა დროს ვნახე, მაგრამ ყველაზე ლამაზი ოქტომბერშია, როდესაც ლელქაში ყვითელია და ცის ფერი ტბის წყალზე ლურჯად ირეკლება, ძალიან ლამაზად ჩანს. ზოგს ფოტოშოპი ეგონა, ზოგსაც, ადამიანების ავტორობით შექმნილი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებრივად მიიღო ასეთი ფორმა.

- თქვით, რომ ადრე სხვა ფორმა ჰქონია...

- დიახ, ჩვეულებრივი, წრიული ფორმის ყოფილა. როდესაც თოვლის ნადნობი წყალი არ აქვს, ანუ ვერ იკვებება, მცირდება და ფორმასაც კარგავს. შემდეგ კი, თოვილის დნობასთან ერთად ის საქართველოს რუკის ფორმას იღებს. 

ჩვენ ტბის ისტორიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, სვან ქალბატონს, ფილოლოგიის დოქტორს, რუსუდან იოსელიანს დავუკავშირდით: 

ადრე ამ ტბას "მთავარანგელოზის ტბა" ერქვა, ახლა კი, "ანგელოზის" ტბა შეარქვეს. უცნაურია არა მხოლოდ ის, რომ "ანგელოზის ტბა" ზუსტად საქართველოს რუკის ფორმისაა, არამედ ისიც, რომ ეს ტბაც საქართველოს ტერიტორიებივით პატარავდება - მთხრობელთა თქმით, ის ადრე ბევრად უფრო დიდი ყოფილა... ადგილობრივთა თქმით, ამ ტბასთან შეხება, მასში ბანაობა, ხელ-პირის დაბანა, მითუმეტეს რამის ჩაყრა, თუნდაც კენჭის ჩაგდება არ შეიძლება.აკრძალული იყო ტბის სიახლოვეს ბალახის მოთიბვაც, უცნაურია და ტბის ახლოს გამავალ ბილიკებზე მხარზე ჯოხგადებული გავლაც არ შეიძლებოდა... ვინც ამას გარისკავდა, უეჭველად რაიმე ხიფათს გადაეყრებოდა. ან უკეთეს შემთხვევაში, ამ საკრალურ ტბასთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევას საშინელი წვიმა, ჭექა-ქუხილი ან სეტყვა მოჰყვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სვანების ტრადიციული ჩვეულების მიხედვით, ხანგრძლივი გვალვის დროს სხვადასხვა ტბებს წვიმის გამოწვევის მიზნით "წაბილწავდნენ", ანუ კატას ჩააგდებდნენ და სხვადასხვა სიბინძურეს ჩაყრიდნენ, რაც აუცილებლად კოკისპირულ წვიმას გამოიწვევდა.

პ.ს. ჩვენ კიდევ ერთ ვერსიას მივაკვლიეთ, რომელიც უხუცესმა სვანმა გვიამბო:
სვანურად მას "ჩახის" (ანგელოზს) ვეძახით. ლეგენდის თანახმად, იქ ბანაობა კი, არა ხელის დასველებაც არ შეიძლება, რადგან წმინდა ტბად მივიჩნევთ, რადგან გადმოცემის მიხედვით, იქ საუკუნეების წინ, ხატებით დატვირთული ურემი ჩავარდნილა... 

ლალი პაპასკირი

წყარო



კომენტარები