აბსურდი. კაფკა, კამიუ და მე

- როგორ ხარ?

- არ ვიცი.

სხვა დღეს, სხვა საათზე:

– რას ფიქრობ?

– არაფერს.

სხვა დროს:

– რომელი გირჩევნია?

– ჩემეთვის სულ ერთია.

ეს მარიამ ჭ–ის გულწრფელი პასუხებია. ჰო, გულწრფელი. კამიუმ „სიზიფის მითით“ კი შესანიშნავად შეძლო ჩემი ვარაუდების დასაბუთება, რომ ეს აბსურდის პირველი ნიშანია. ის ამბობს, „ასეთი პასუხი შეიძლება ადამიანის მხრიდან თვალთმაქცობა იყოს. შეყვარებულებმა ეს კარად იციან. მაგრამ თუ ეს პასუხი გულწრფელია, თუ ის სულის იმ განსაკუთრებულ მდგომარეობას გამოხატავს, სადაც სიცარიელე ბევრის მთქმელია, სადაც ყოველდღიური მოქმედებების ჯაჭვი გაწყვეტილია, სადაც გული ამაოდ ეძებს მის გადასაბმელ რგოლს, მაშინ ის აბსურდის პირველი ნიშანია.“

არსებული დეკორაციების ნგრევა, მექანიკური მოქმედებების ბოლოში გამოჩენილი დაღლილობა, გამოცოცხლებული ქვეცნობიერი, ჩემი აზრით, ეს გამოღვიძებაა. კამიუ რამდენიმე ალტერნატიულ ვერსიასაც გვთავაზობს: „ეს უცვლელი რუტინა მეორდება დროის უმეტეს ნაწილში. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა რატომ? და ყველაფერი ამ გაკვირვებით შეფერადებული დაღლილობით იწყება. დაწყება მნიშვნელოვანია. დაღლილობა თავის მექანიკურ მოქმედებებს ბოლოში იჩენს, მაგრამ ის ამავე დროს ბიძგს აძლევს ცნობიერებას. ის მას აღვიძებს, რასაც თავისი გაგრძელება აქვს. გაგრძელება ან გაუაზრებელი მოქმედებების ჯაჭვში მიბრუნებაა, ან საბოლოო გამოფხიზლება. გამოფხიზლების შემდეგ დროსთან ერთად ვღებულობთ შედეგს: თვითმკვლელობა ან მწყობრში ჩადგომა. თავისთავად დაღლილობაში არის რაღაც ამაზრზენი. ამ შემთხვევაში კი უნდა დავასკვნა, რომ ის სასარგებლოა, რადგან ყველაფერი გაცნობიერებებით იწყება და მის გარეშე არაფერს აქვს ფასი.“ დიახ, მთავარი ცნობიერად ცხოვრებაა.
ჩემი და მარიამ ჭ–ის მსჯელობა „უცხოზე“ ჩერდება. ორივეს მდგომარეობა მერსოს გაუცხოებულობის იდენტურია. როცა თვალი გადავავლე ბლოგებს ყველა ერთხმად მერსოს უგულო ადამიანად განიხილავდა. ერთ რჩევასაც კი გადავაწყდი: „არ დაწეროთ „უცხოზე“, თორემ ხელში მორალისტი კამიუ შეგრჩებათ“. ასე სულაც არაა. კამიუ ამბობდა „მე მორალისტი არ ვარ, უბრალოდ მე აღვწერ მოვლენებს“. მერსო ახალგაზრდა კაცია, რომელიც უბრალოდ განსხვავებულია საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან. ის მათზე ბევრად წინაა, მით უმეტეს, კამიუს ეპოქას თუ შეხედავთ. „უცხო“ 1942 წელს გამოიცა, მას შემდეგ კი საკმაოდ შეიცვალა სამყარო, ღირებულებები, შეხედულებები, თუმცა მერსო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც ისევ გაყინული გულის მქონე და ამგვარად უცხო ტიპი იქნებოდა, მით უმეტეს, საქართველოსებური ქვეყნის ხალხისათვის.  

მერსომ დედა ჩვეულებრივ დაასაფლავა, ზედმეტი ემოციებისა და გრძნობების აფიშირების გარეშე, რაც უცხო და დანაშაულობის ტოლფასი იყო საზოგადოებისათვის. მეორე დღეს საბანაოდ მიდის, ცხოვრებას მარისთან ერთად აგრძელებს, მიდიან კინოში და უყურებენ კომედიას... სრულიად ბუნებრვი და ჩვეულებრივი შემთხვევაა. ცხოვრება ისედაც ტანჯვაა და არ ღირს ნიჰილიზმით და დეპრესიით გაჟღენთილი ეპოქა ხელოვნური სამგლოვიარო სცენებით კიდევ გადავტვირთოდ. ეს დაკრძალვის რიტუალ–ცერემონიალები პოპულისტურ ღონისძიებებად გადაიქცა უკვე. ცრემლთა ფრქვევა და „ვაი–ვიში“ საერთოდ არაფერია გულწრფელ გრძნობასთან შედარებით, რომ არაფერი ვთქვათ ქელეხის ფენომენსა და facebook–ის ღრმა მწუხარებით გაჯერებულ პოსტებზე (გარდაცვლილის მონიშვნით).

როდესაც უფროსი ეკითხება წავიდოდა თუ არა პარიზში უკეთეს სამსახურში სამუშაოდ მერსო პასუხობს ერთს: „ჩემთვის სულ ერთია“. რაც შეეხება ცხოვრების შეცვლაზე მის დამოკიდებულებას მიაჩნია, რომ ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია, ყველაფერს ერთი ფასი ადევს და მოქმედი ყოფაც ურჩევნია. ჰო, ის პატივმოყვარე არაა. ბუნებრივია კაპიტალისტ უფროსს არ ესიამოვნებოდა ეს პასუხი.

მერსო რეალისტი, ანარქისტი, მეომბოხე და ერეტიკოსი ერთადაა. „ჩემს ცხოვრებას რომ ჩავუფიქრდი, თავი უბედური სულაც არ მეჩვენა. სტუდენტობისას რაღაც რწმენა მქონდა, როცა სწავლა მიატოვე, ძალიან ჩქარა მივხვდი, რომ ყოველივე ამას არავითარი რეალური მნიშვნელობა არ აქვს.“ ის გულწრფელი ადამიანია მარისთანაც: „შენ თუ გინდა შეგირთავ, ისე კი, ჩემთვის სულ ერთია. ავუხსენი, რომ სიყვარულს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, და თუ ძალიან უნდა ჩემი ცოლობა შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ.“ მისეულად ახასითებს პარიზსაც, რომელიც რომანტიზმთან, მშვენიერებასთან და ესთეტიკასთან ასოცირდება მსოფლიოსთვის: „ჭუჭყიანი, ბევრი მტრედებია და ჩაბნელებული ეზოები. ხალხს თეთრი კანი აქვს.“

თითქოს მგრძნობელობა დაკარგული აქვს, მაგრამ ვნება სრულად მოცავს მერსოს არსებას: „მარის მოხუცის ამბავი მოვუყევი და ბევრიც ვაცინე. მას ჩემი პიჟამო ეცვა და მკლავები ჰქონდა აკაპიწებული. ისე გემრიელად იცინოდა, კვლავ მომერია ვნება. ცოტა ხნის შემდეგ მკითხა, თუ გიყვარვარო. ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მგონი არაფერი ვუპასუხე. ცოტა არ იყოს ეწყინა. საუზმეს რომ ამზადებდა მარის უმიზეზოდ აუტყდა სიცილი. ვერ მოვითმინე და კიდევ ვაკოცე. სწორედ ამ დროს რაიმონდის ოთახში ჩხუბმა იფეთქა.“ მოგვიანებით პლაჟზე მასონის ქალთან ერთად მომცინარი მარის ხილვისას პირველად ეფიქრება ნამდვილად ცოლის შერთვაზე.

გაუცხოებული მერსოს გარდაუვალ ტრაგიზმს სანაპიროს სცენა იწყევს: „არაბმა დანა დააძრო და მზეზე ააელვარა. ფოლადის დანის ანარეკლი შუბლში ისარივით მომხვდა. წარბებში დაგროვებული ოფლის წვეთები ქუთუთოებზე ჩამომიგორდა და ზედ გადამეფარა, როგორც თბილი და სქელი პირბადე. მზემ და თბილმა ოფლმა თვალები დამიბრმავა. ჩემს შუბლზე მზე ფეთქავდა და თვალწინ დანის ელვარება განუწყვეტლივ იფრქვეოდა. ეს ელვარება  წარბებს მიღრღნიდა და მტკივან თვალებს მიჩიჩქნიდა. სწორედ მაშინ ამერია ყველაფერი. ზღვამ წაიღო მწვავე და სქელი სუნთქვა. თითქოს ცა გაიხსნა, რომ ცეცხლის ღვარქაფი წამოსულიყო. დავიძაბე და ხელი რევოლვერს მოვუჭირე. სასხლეტი დამნებდა. კონდახის პრიალა მუცელს შევეხე და სწორედ ამ დროს მშრალსა და გამაყრუებელ ხმაურში დაიწყო ყველაფერი. ოფლი შემიშრა. მზე შეტორტმანდა. მივხვდი, რომ დღის სიმშვიდე დავამსხვრიე. პლიაჟის ის არაჩვეულებრივი მყუდროება, სადაც ცოტა ხნის წინ ბედნიერი ვიყავი. კიდევ ოთხჯერ ვესროლე. მის უსიცოცხლო სხეულში ტყვიები იკარგებოდა. ეს ის ოთხი მოკლე გასროლა იყო, რომლითაც მე უბედურების კარზე ვაკაკუნებდი.“

ყურადღების მისაქცევია მერსოს დაპატიმრების შემდგომი პერიოდი ციხეში. ის ამბობს, რომ უმთავრესად მის ვინაობას იკვლევენ, ვიდრე მკვლელობის საკითხს. თავიდან არასერიოზულად უყურებს ყველას. ჩემი აზრით, სავსებით სამართლიანადაც. ის გასხვავებული „დამნაშავეა“. ემოციები და ქცევებიც შესაბამისი აქვს – ყველაფერს უდანაშაულო ადამიანის თვალით აკვირდება. პირველი დაკითხვიდან გამოსული ამბობს: „გამოსვლისას |გამომძიებლისთვის| ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მაგრამ დროზე გამახსენდა, რომ კაცი მყავდა მოკლული–ო“. გულწრფელი და არასერიოზულია. ჩემი აზრით, იმდენად შესაფერისად ექცევა მართლმსაჯულების აღმსრულებლებს, როგორსაც იმსახურებენ. გამოძიება მერსოს „გულცივობის“ მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენით იტვირთება. სასამართლო პროცესისთვის მთავარ მოქმედებას – მტკიცებულებების მოპოვებას არავინ ცდილობს, არც ფაქტობრივ გარემოებებს იკვლევს ვინმე, მათ შორის არც, უფრო ზუსტად, ვერც მისი ინტერესების დამცველი. ყველა მორალმა და საჯარო წესრიგმა გაიტაცა, რომელიც არამდგრადი და ცვალებადია. აშკარად მერსოს უცხო ბუნებამ განაპირობა აბსურდული საფუძვლით ეწარმოებინათ სამართალი. ისევ არაიურისტი მერსო ამახვილებს ყურადღებას, რომ ამ ყველაფერს არავთარი კავშირი არ ქონდა მის საქმესთან. მათ – საზოგადოებას კი მართლმსაჯულება ისე ესმით, როგორც თვითონ უნდა რომ ესმოდეთ – არაგონივრულად. მერსო დამცველისგან დაცვას კი არ ითხოვს, არამედ გულისხმიერად მოპყრობას: „ჩემი არ ესმოდა და ამიტომაც მიბრაზდებოდა. მსურდა გამეგებინებინა მისთვის, რომ მე სხვებისგან არაფრით განვსხვავდებოდი და ისეთი ვიყავი, როგორიც ყველა.“

სამართლის ქურუმების განსაკუთრებულ განრისხებას მერსოს ურწმუნოება იწვევს: –„ეს შეუძლებელია" (გამომძიებელი). საზოგადოებისთვის ის უცხოა, ანტიქრისტეა: „არასდროს მინახავს ისეთი გაქვავებული სული, როგორიც თქვენ გაქვთ. დამნაშავეთ, რომელთაც ჩემს ხელში გაუვლიათ, ყოველთვის უტირიათ ამ მწუხარე გამოსახუების წინაშე.“

მერსო იხსენებს: „პირველ დღეებში თავი ციხეში არ მეგონა. გაურკვევლად ველოდებოდი რაღაც სიახლეს.“

მარის, როგორც ქალს ამ ნაწარმოებში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რთულია, როცა მერსოს მსგავსი ტიპი გიყვარდება, თუმცა სავსეა ამაღელვებელი განსაცდელებით, რომელიც ქალს აცოცხლებს. „გულქვა“ მერსო კი ის ადამიანია, რომელიც მხოლოდ გონებით განსჯის და ამ ყველაფერს გულახდილად ამბობს. სხვა ქალებისგან გასხვავებით მარის ყველა დეტალს აკვირდება: „მზემოკიდებული სახე ქონდა და ზოლებიანი კაბა ეცვა(..). ძალიან ლამაზი მომეჩვენა, მაგრამ ამის თქმა ვერ მოვახერხე“. სხვების თვალიერებით გართულს ისევ მარის ხმა აფხიზლებს: „შევხედე და მომინდა მის მხრებს მოვხვეოდი. მსურდა შევხებოდი იმ თხელ ქსოვილს, რომელიც ტანზე შემოჰკვროდა.“

მერსო აბსურდული სისტემის მსხვერპლია. ის დროს ბევრად უსწრებს და სწორად აფასებს გარემოებებს. ამიტომაც საუბრობს იშვიათად და არ გამოხატავს ემოციებს. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მგრძნობიარე კაცია. ჯერ კიდევ „მკვლელობისას“ მზემ იმოქმედა მასზე. ის საზოგადოებამ, მათმა უნიათობამ გახადა ასოციალური და ადამიანური განცდებისგან განაშორა. ამიტომაც აქვს და განიცდის მხოლოდ ბუნების „გავლენას“: „კიდევ ერთხელ წარმომიდგა გავარვარებული პლიაჟი და ისევ ვიგრძენი შუბლზე მზის სიმწვავე, მაგრამ ამჯერად არაფერი მიპასუხნია.“ მას ხალხი ღლის, სწორედ ისინი აცლიან ენერგიას, ფიტავენ და მხოლოდ გაურკვეველი განცდების ტყვეობაში აქცევენ: „ხმაურმა იმოქმედა, მაგრამ თან მარის ცქერით მინდოდა გაძღომა.“

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი – ციხეში უძილობის მომენტი. ფიქრობს ქალზე, ქალებზე, ყველაზე, ვისაც ოდესმე იცნობდა და იმ ადგილებზე, სადაც მათ დაუფლებია, მაგრამ მაინცდამაინც მარიზე არასდროს უფიქრია. ჩემი აზრით, მან მარი ამ დამოკიდებულებით დანარჩენი ქალებისგან გამიჯნა და განსაკუთრებული ადგილი მიანიჭა.

მერსო თავისუფალი ადამიანია, ის საზოგადოების ძირითად წესებს მართლაც არ ცნობს, ბუნებრივია. ჩემი აზრით, ის ერთადერთი სამართლიანი ადამიანია ამ სოციალიზაციის სამყაროში. გაზეთის ნაგლეჯიდან ამოკითხულ ჩეხოსლოვაკიაში მომხდარი შემზარავი ამბის შემდეგ ყველაზე ადამიანური დასკვნა გამოაქვს: „ადამიანმა არასდროს უნდა ითამაშოს“.

მისი სატუსაღოში ყოფნის მდგომარეობა თანამედროვე „თავისუფალი“ ადამიანის ყოფას უტოლდება. დღესაც ადამიანებს ეს ორი სიტყვა გვამოძრავებს მხოლოდ: „გუშინ და ხვალ“.

კამიუს მთელი ფილოსოფია აბსურდის შესახებ სრულადაა გამოხატული სასამართლო პროცესის აღწერისას საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის სპეციფიკურობით. ჟურნალისტებიც არ გამორჩენია: „იცით, ჩვენ ცოტა გავაბუქეთ თქვენი საქმე. ზაფხული ჩავარდნილი სეზონია გაზეთებისთვის, მხოლოდ თქვენი ამბავი და კიდევ მამის მკვლელობაა, რომელზედაც, ასე თუ ისე, ღირს ლაპარაკი.“

პროკუროსის კითხვები დედაშვილობის კულტს არ ცდება. ისიც კი იკითხა იტირა თუ არა დაკრძალვისას. უბრალოდ კომიკურია, როცა სახელმწიფო ბრალმდებელი ასეთი „გონივრული“ შეკითხვების ავტორია.

მერსოს სელესტერის გულწრფელ, ალალ ჩვენებაზე გული უჩუყდება და შესაბამისი ემოცია იღვიძებს მასში: „მე არაფერი მითქვამს, არაფერი გამომიხატავს, მაგრამ პირველად ჩემს სიცოცხლეში მომინდა კაცს გადავხვეოდი.“

სალამანო ყველაზე გონიერი კაცი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ მერსოს უნდა გაუგოთო, მაგრამ არავის უნდოდა მისი გაგება. მერსო პროკურორის თვალში მორალური ურჩხულია.

კამიუ აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენლის გარდა პოეტიცაა. ის საზოგადოების მტრად გამოცხადებულ „უცხოს“ შინაგან სამყაროს და მის ბუნებასთან დამოკიდებულებას შესანიშნავად აღწერს: „სხდომა დაიხურა. როდესაც სასამართლოს შენობიდან გამოვედი მანქანაში ჩასაჯდომად, წამით ვიგრძენი ზაფხულის საღამოს სურნელება, მისი ფერი. დავიღალე, საპატიმროს მანქანის სიბნელეში საიდანღაც ამოტივტივდა ქალაქის ყველა ნაცნობი ხმაური, ოდესღაც რომ მიყვარდა, იმ გარდასულ დღეთა გნიასი, როცა მე კმაყოფილი ვიყავი. შემომესმა გაზეთების დამტარებლების შეძახილები დამძიმებულ ჰაერში, სკვერში ჩიტების ჭიკჭიკი, სენდვიჩის გამყიდველების ყვირილი, ტრამვაის მწარე კივილი მოსახვევებში და ცის შორეული გუგუნი პორტს რომ მოიცავს ბინდის ჩამოწოლისას. ამ ხმათა მიხედვით თვალდახუჭული ვიგონებდი გზას, რომელსაც კარგად ვიცნობდი ციხეში ჩაჯდომამდე. დიდი ხნის წინათ, სწორედ ამ დროს, მე თავს კმაყოფილად ვგრძნობდი. ჩემი მაშინდელი ძილი მსუბუქი და უსიზმრო იყო. და მაინც შეიცვალა რაღაც: მეორე დღის მოლოდინში მე კვლავ ჩემი საკანი ვიპოვე. თითქოს ზაფხულის ცაზე დახაზული ნაცნობი გზებით ზოგი ციხეში მიდის, ზოგი კი უმანკო ძილში.“ საზოგადოებაზე დამსახურებულად გულგაცივებული მთელს კეთილგანწყობილ მგრძობელობას ბუნებაზე ავლენს.

მიუხედავად იმისა, რომ მერსო დამნაშავის ფსიქოლოგიის ბნელი სინათლით მოსილად შერაცხეს, ჩემი აზრით, ის ერთადერთი კაშკაშა სინათლეა, რომელიც მის არმცოდნეებს აშინებს და ამგვარად შთანთქავენ. მერსო თავად ამ საზოგადოებამ, ცხოვრებამ გახადა ასეთი და  არ დაუტოვა უფლება მათ მიმართ გულკეთილი ყოფილიყო.

თავბრუსხვევას იწვევს მერსოში, როცა მის სულზე მსჯელობენ უსუსური ადამიანები: „როცა ჩემს სულზე ლაპარაკობდნენ, მომეჩვენა, რომ ყველაფერი მღვრიე წყალმა წალეკა და თავბრუ დამეხვა.“ აღარ აინტერესებს არც მისი დამცველის ლაპარაკი და უინტერესო, მომაბეზრებელი სასამართლო პროცესიდან თავის მოგონებეში ნაყინის გამყიდველის ხმას გადაყავს: „სანამ ჩემი დამცველი ლაპარაკობდა, ნაყინის გამყიდველის საყვირის ხმამ დარბაზის და ტრიბუნალის სივრცე გაარღვია და ჩემამდე მოაღწია. წაიღო იმ ცხოვრების მოგონებამ, რომელიც მე აღარ მეკუთვნოდა, სადაც უფერული და საცოდავი ბედნიერება დამრჩა. გამახსენდა ზაფხულის სურნელება, საყვარელი უბანი, ღამეული ცა, მარის სიცილი და კაბები. გამახსენდა უქმად გატარებული დრო, და სიბრაზე ყელში მომაწვა. მინდოდა ჩქარა მოთავებულიყო ყველაფერი, რათა ჩემს საკანს დავბრუნებოდი და დამეძინა. ბოლოს ყური მოვკარი, როგორ გაჰკიოდა ჩემი დამცველი, რომ სასამართლო სასიკვდილოდ არ გაიმეტებს პატიოსან მომუშავეს, რომელსაც წუთიერმა ცდომამ გზა–კვალი აუბნია და ითხოვდა დანაშაულის შემსუბუქებას. მე უკვე სამუდამოდ მქენჯნიდა სინდისი და ეს ყველაზე უეჭველი სასჯელი იყო.“

გულწრფელ მერსოს სასამართლოს თავჯდომარემ ფრანგი ხალხის სახელით მოედანზე თავის მოკვეთა მიუსაჯა. მერსო გარდუვალობისგან გაქცევას და გამოსავლის პოვნას იწყებს, თუმცა იცის, რომ ამ მექანიზმისგან თავს ვერ დააღწევს: „როდესაც კარგად ჩავუფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ გილიოტინის ნაკლი ის არის, რომ გადარჩენის არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს, აბსოლუტურად არავითარი. ერთხელ და სამუდამოდ პაციენტის სიკვდილი გადაწყვეტილია. ეს გათავებული საქმეა, კარგად გაფიქრებული კომბინაცია, დადგენილი ხელშეკრულება, რომელსაც არასდროს უბრუნდებიან. თუ რაღაც სასწაულად გილიოტინის დანა აგცდა, ყველაფერი თავიდან იწყება. საშინელებაა იმის გაზრება, რომ სურვილი გებადება მანქანამ ზუსტად იმუშაოს. ჩემი აზრით, ეს ამგვარი დასჯის უარყოფითი მხარეა. ერთის მხრივ, ასეცაა, მეორეს მხრივ კი, უნდა ვაღიარო, რომ კარგი ორგანიზაციის მთელი საიდუმლოებაც ამაშია. მსჯავრდებული მორალურად მონაწილეობს და თვითონაც მოწადინებულია, რომ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართოს.“

ორ რამეზე განუწყვეტლივ ეფიქრება: შენდობაზე და გარიჟრაჟზე. მღვდელთან შეხვედრაზე უარს ამბობს, რადგან არ ჭირდება ის მას. „პირველად ამდენი ხნის განმავლობაში მარი გამახსენდა. ბევრი გრძელი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მარის აღარ მოუწერია. იქნებ დაიღალა იმით, რომ სიკვდილმისჯილის საყვარელია. ისიც გავიფიქრე, შეიძლება, ავად არის, ან მოკვდა–მეთქი. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ვერაფერს გავიგებდი. ჩვენი სხეულები ახლა უკვე ერთმანეთისგან შორს იყო, არაფერი არ გვაკავშირებდა და აღარაფერი არ გვახსენებდა ერთიმეორეს. ამ მომენტიდან მარის გახსენებას ჩემთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა. მკვდარი აღარ მაინტერესებდა. ამას ბუნებრივად ვთვლიდი, რადგან სიკვდილის შემდეგ მეც ყველა დამივიწყებს. მათ ჩემთან უკვე აღარაფერი ექნებათ საერთო. ამაზე ფიქრი ძნელი არ იყო.“

სიკვდილის წინ მის საკანში შესული მღვდლის დანახვაზე აჟრჟოლებს. მას არ უნდოდა დარჩენილი დრო მასთან დაეკარგა, ღმერთზე ლაპარაკში. განსაკუთრებულ სიბრაზეს მასში მღვდილის ის ფრაზა იწვევს, როცა ეუბნება „თქვენი სული ბრმაა, მე ვილოცებ თქვენთვის.“

„არ ვიცი რატომ, რაღაც ჩამწყდა. მთელი ხმით დავიღრიალე, გავლანძღე და ვუთხარი, არ ელოცა. სიბრაზისაგან ანაფორის საყელოში ვწვდი. გადმოვანთხიე ჩემი სათქმელი: გულში დაგროვებული ბრაზმორეული სიხარული. რა დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, არა? და მიუხედავად ამისა, მისი რწმენა არც ერთი ქალის თმის ერთ ღერადაც არ ღირდა. ტყუილად სჯეროდა, რომ ცოცხლობდა. ისე ცხოვრობდა, როგორც მკვდარი.  მე კი თითქოს ხელში არაფერი მეჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ჩემში, ყველაფერში, და უფრო კარგად, ვიდრე იგი. მქონდა სიკვდილის რწმენა, სიკვდილისა, რომელიც საცაა მომადგებოდა, რამდენადაც მის ხელში ვიყავი. მართალი ვიყავი და ყოველთვის მართალი დავრჩები. ამგვარად ვიცხოვრე და კიდევ შევძლებ ამგვარ ცხოვრებას. ასე მომწონდა და ასე ვაკეთებდი. ეს თუ გამომრჩა, ის გავაკეთე. და ბოლოს? – ისე მოხდა, თითქოს სულ იმ წუთს ველოდებოდი, იმ გარიჟრაჟს, როდესაც განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ. არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა და ვიცოდი კიდეც რატომ. ეს იმასაც კარგად ესმოდა. ამ აწეწილი ცხოვრებით და იმ წლების ბნელი სუნთქვით ვსუნთქავდი, რომლებიც უნდა გამევლო, რომლებიც ჯერ არ დამდგარიყვნენ. ჩემი სული ყველაფერს ათანაბერებდა თავის გზაზე, ჩემი ცხოვრების წარსულ წლებს, მის არარეალურობას, იმას, რასაც მაშინ მთავაზობდნენ. რა მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ჩემთვის სხვის სიკვდილს, დედის სიყვარულს, რაში მეკითხებოდა მისი ღმერთი, ხალხის ცხოვრება, რაში მეკითხებოდა ის ბედიღბალი, რომელსაც ირჩევდნენ, როცა ერთადერთ ბედს თვითონ უნდა ავერჩიე და ჩემთან ერთად – მილიარდობით პრივილეგირებული ადამიანი, რომლებიც ამ მღვდელივით ძმობას ეფიცებოდნენ. ესმოდა კი, რომ ჩემს გარდა ყველა პრივილეგირებული იყო? ერთ მშვენიერ დღეს სხვებსაც მიუსჯიდნენ სიკვდილს. მაშ, რა მნიშვნელობა ქონდა ჩემს საქმეში მკვლელობას, თუ სიკვდილს იმიტომ მომისჯიდნენ, რომ დასაფლავების დღეს დედა არ ვიტირე. სალამანოს ძაღლს იგივე ფასი ქონდა, როგორც მის ცოლს. პატარა ავტომატი ქალიც ისეთივე დამნაშავე იყო, როგორ პარიზელი, რომელიც მასონმა მოიყვანა ცოლად, ან კიდე მარი, რომელსაც ჩემი ცოლობა სურდა. რა მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ რაიმონდი ჩემი მეგობარი იყო, როგორც სელესტერი, რომელიც მას სჯობდა. რა მნიშნელობა ექნებოდა ახლა იმას, რომ მარი თავის ბაგეს ახალ მერსოს მიუპყრობდა. თუ ესმოდა ეს ამ განწირულის და ჩემი მომავლის სიღრმიდან... ვყვიროდი ამას და ყვირილი მახრჩობდა, მაგრამ დარაჯები მემუქრებოდნენ და ხელიდან მგლეჯდნენ მღვდელს. მან დარაჯები დააწყნარა და ჩუმად შემომხედა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. გატრიალდა და გაუჩინარდა.“

დიახ, მერსოზე შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთადერთია, რომელიც ჩაწვდა ყველაზე არაგონივრულ სამყაროს და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა კიდეც. სიკვდილი ის გარდუვალობაა, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყების გრძნობას გიჩენს, მაგრამ ეს აბსურდია. „დიდმა მწუხარებამ განმწმინდა, იმედი დამიკარგა. პირველად ამ ღამეს, რომელიც სავსე იყო ვარსკვლავებით, ამ ქვეყნის ტკბილ გულგრილობას ვეძლეოდი. იგი მე მგავდა, ჩემთვის მახლობელი იყო და ვიგრძენი, რომ ბედნიერი ვიყავი, რომ ბედნიერი ვარ. მინდოდა, არაფერი გამომრჩენოდა. თავი მარტო რომ არ მეგრძნო, ისღა დამრჩენოდა, ჩემი თავის მოკვეთის დღეს მაყურებელი მენატრა, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა ზიზღის ყვირილით მიეღოთ.“

„უცხოს“ თავდაპირველი სათაური „ბედნიერი სიკვდილი“ ყოფილა.

მერსო ბოლომდე წვდება თავისი უბადრუკი არსებობის არსს, თავის ყოფას აცნობიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტანჯვა უნდა ყოფილიყო მისთვის ის ბედნიერია. როგორც კამიუ „სიზიფის მითში“ ამბობს „ბედნიერება და აბსურდი ერთი მიწის ნაყოფია.“ ციხეში ის თავის ტანჯვას აკვირდება და ამით იმარჯვებს, თავისი გამჭრიახობით. საზოგადოება კი მიჩუმებულია. მერსო უმაღლეს ერთგულებას გვასწავლის, როგორც სიზიფი, იგი ღმერთის უარყოფით, საზოგადოებას ძრავს.

ალბათ კამიუს ამ შემოქმედების გათავისების შესაძლებლობა არ გვექნებოდა მანამდე ფრანც კაფკა რომ არ ყოფილიყო თავისი გაჯიუტებული პერსონაჟების ამაღელვებელი თავგადასავლებით. კაფკა აბსურდის პრობლემის დამყარებელია. მის აბსურდულობას ის მარტივი გარემოება ქმნის, რომ მთავარი პერსონაჟი განსასჯელია, თუმცა წარმოდგენაც არა აქვს რაში ედება ბრალი. იმისთვის, რომ სისხლის სამართალის წარმოება დაიწყოს, აუცილებელი საფუძველია პირს ჩადენილი ქონდეს მართლსაწინააღმდეგო და ბარალეული ქმედება, რომელიც აკრძალულია კანონით. მას კი არაფერი დაუშავებია. თავის დაცვას აპირებს, მაგრამ არ იცის რატომ. რეალურად იოზეფ კ. არალოგიკურ, აბსურდულ სისტემასთან იწყებს ბრძოლას და ბოლომდე ერთვება ჯიუტად მასში,  თუმცა მის არსს წესიარად ვერც სწვდება. ბუნებრივია ვერც ჩაწვდება. კამიუს აზრით, იოზეფ კ. არ არსის კაფკა და ამავე დროს ის ისაა. იგი საშუალო ევროპელია,  რომელიც სხვებისაგან არაფრით გამოირჩევა. მაგრამ ის აგრეთვე ვინმე კ–ა, ხორცის განტოლებაში მოცემული უცნობი. ჩემი აზრით, კაფკას „პროცესში“ ზედმეტი ფანზატიის ძიება არ უნდა დავიწყოთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და საკმაოდ ნაცნობი მდგომარეობაც ჩვენს აბსურდულ რეალობაში. სისტემა, რომელიც  სამსახურში მექანიკურ მანქანად ყოფნას მოითხოვს შენგან და შრომის ბაზრის მთავარ მექანიზმს წარმოადგენ ყველა იმ ქვეყნის აბსურდული მმართველობის სისტემას მაგონებს, სადაც „დიდი ძმები“ განსაზღვავენ ადამიანის „ბედს“. განსაკუთრებით თუ ის საჯარო მოხელეა (აქ ორუელი დამეხმარება თავისი 1984–ით). მიუხედავად იმისა, რომ იოზეფ კ–ს არაფერი დაუშავებია ერთ მშვენიერ დღეს მაინც დააპატიმრეს. ართალია სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობს, სადაც ირგვლივ, წესით, სიმშვიდე უნდა სუფევდეს, ყველა კანონი ძალაში უნდა იყოს, მაგრამ მაინც ბედავენ და საკუთარ ბინაში თავს ესხმიან სამართლის სახელით პირები და ჩხრეკენ როცა მოესურვებათ. ამ ნაწარმოებში ხშირად შეხვდებით იმ რჩევებს, რაც ალბათ საჯარო სექტორში მომუშავე პირებს სმენია რეალობაში „ნაკლებად იფიქრეთ ჩვენზე და იმაზე, რაც გელით, უმჯობესია მეტი იფიქროთ საკუთარ თავზე. თანაც რატომ ტეხთ ამხელა აურზაურს თქვენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, გრძნობების აყოლა აფუჭებს იმ საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას, საერთოდ რომ ახდენთ. ერთი სიტყვით მეტი თავდაჭერა გმართებთ ლაპარაკის დროს.“

ჩემი აზრით, შემთხვევით არ შექმნა კაფკამ განსაკუთრებული პატიმარი იოზეფ კ–ს სახით: „დაპატიმრებული კი ხართ, მაგრამ ხელი არ უნდა შეგეშალოთ სამსახურებრივი მოვალეობის ასრულებაში და საერთოდ თქვენი ცხოვრება ჩვეულებრივ უნდა მიმდინარეობდეს." მისი სახლის დამთვალიერებლები კი მისი ბანკის მოხელეები აღმოჩნდნენ.

შესაბამისად მეც აბსურდად მეჩვენება ვისაუბრო მისი უფლებების სამართლებრივ დაცვაზე. ამიტომაც ვერ ვამტყუნებ მის მოქმედებას. პირიქით, ყველაზე მამაცური გადაწყვეტილებაც კი მიიღო, რათა ალტერნატივების ძებნა დაიწყო, თუმცა ბოლოს ისიც ეჩვევა უსამართლობას, მაგრამ ამავე დროს არ ეჩვევა. კაფკა საოცარი შემოქმედია. მარტივად გაბნევს თავისი რთული აზრებით. ბოლოს კი მზა პასუხს გიტოვებს. გრძობ, რომ მანამდე სულ ამაოდ ებრძოდი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ტალღებს, იღლიდი გონებას და შენც მასავით ართულებდი საკითხს. კარტები კი იოზეფ კ–ის მღვდელთან დიალოგისას იშლება, რომელიც იგავს მოუთხრობს სოფლელსა და მეკარეზე, სადაც სოფლელი მეკარისგან კანონთან შესვლას ითხოვს, მაგრამ მეკარე ამის უფლებას არ აძლევს. სოფლელი მანამ გადაწყვეტს შესასვლელთან დალოდებას, სანამ შესვლის უფლებას არ მიიღებს. ეს დრო კი სიკვდილის მოახლოებასთან ერთად დადგება. ჰო, როგორც კაფკას უნდა ჩვენთვის თქმა, სიკვდილამდე არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რეალურად რა უფლებებს ვფლობთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ მოვალეობათა ჯაჭვია და სხვა არაფერი. მეკარე თავისი სამსახურეობრივი ვალდებულების გამო იცავს კარებს, მაგრამ რას იცავს არ იცის (უთხრეს, რომ უნდა დაიცვას და ისიც იცავს). სოფლელი კი ჭეშმარიტებას ეძებს, მან სიკვდილის წინ მაინც შეძლო კანონის წიაღიდან გამომკრთალი ჩაუქრობელი ნათელის ხილვა, მეკარე კი ამ ცვილებას არ იმჩნევს. ჩემი აზრით, კაფკას მთელი სათქმელი მღვლის ამ ორ ფრაზაშია: – „სავალდებულო არაა ყველაფერი სიმართლედ მიიჩნიო, მაგრამ ამის აუცილებლობა უნდა შეიგნო“ და ბოლოს: –„მაშასადამე სასამართლოს ვემსახურები, რა უნდა მინდოდეს შენგან, სასამართლოს შენგან არაფერი უნდა. როცა მოდიხარ, სასამართლო გღებულობს, როცა მიდიხარ, გიშვებს.“

ამის შემდეგ კაფკას „პროცესი“ ასე სრულდება: კ–ს დაბადების დღის წინა დღეს მის ბინაში ორი გაფითრებული და ჩასუქებული მამაკაცი შედის, გამოყავს და „ძაღლივით კლავენ“.

 „სად არის მოსამართლე, რომელიც არასდროს უნახავს? სად არის უზენაესი სასამართლო, სადაც ვერაფრით მოახერხა შეღწევა? კ–მ ხელები აწია და ათივე თითი გაფარჩხა.“

 

***

აბსურდული სიკვდილი

მარიამ ჭ. საძინებელში საკუთარ არაცნობიერს ეცნობა. აშკარაა სიზმრის აპოკალიფსური თემატიკა, რადგან მისი გარეგნული ქმედებები ფხიზელ მდგომარეობაში მხოლოდ კატატონიის მქონე ადამიანს თუ შეენიშნება.  მის ოდისეას  reminder–ის ცივი ხმა ასრულებს. მარიამ ჭ. უემოციოდ თიშავს რეალობაში დამბრუნებელ ხმას და ერთ თვალს მობილურის ეკრანს ავლებს. ის კი აუწყებს, რომ დღეს ფინალური გამოცდა აქვს საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურაში. ნათელია, მისი ჩანიშნული არაა. ეტყობა, რომელიმე მეგობარმა იპირის–წყლა. მარიამ ჭ. ეტაპობრივად იაზრებს მოვლენებს. ბოლოს ხვდება, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დიდი ხანია არ ყოფილა. ჯობს, ადგეს და გაიგოს რა ხდება მის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

უხასიათოდ გამოდის სააბაზანოდან. თავს ბედნიერად მხოლოდ წყალთან ურთიერთობისას გრძნობს და ახლა, როცა სასურველზე ადრე მოუწია გამოსვლა, განიცდის. შარვლითა და ზედატანით დაფარულ სხეულს ბალახისფერი პალტოთი იფარავს და ყინვიან თოვლში ელოდება ტრანსპორტს.

საათის მეორედში უკვე უნივერსიტეტის შესასვლელთანაა, რომელიც სტანდარტულად მღელვარე = ლექტორის კეთილგანწყობა მომარჯვებული შემართებით და ქულა–სტიპენდიაზე დაგეშილი ენთუზიაზმით პირველობისთვის მებრძოლი სტუდენტებითაა გადავსებული. ფარულად ნადირობენ ერთმანეთის აზრებზე, არადა უნდათ ორიგინალურები იყვნენ. მეგობრობენ, მაგრამ რეალურად წარმატების შემთხვევაში იბოღმებიან ერთმანეთზე.

მარიამ ჭ. ისე შედის კორპუსში თავის არაამქვეყნიურ ფიქრებთან ერთად, თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის. ერთ–ერთ სტუდენტმრავალ აუდიტორიას აგნებს. იქაც ჩვეულებრივი ამბავია. კარებზე გამოკრული ფურცლიდან გებულობს, რომ ეს ის აუდიტორია არაა, სადაც უნდა მისულიყო. საკუთარ თავზე გაბრაზებული უკან ბრუნდება. ბუნდოვნად დამახსოვებულ გონებას აიძულებს ზუსტად გაიხსენოს აუდიტორია. დიდი წვალების შემდეგ პოულობს საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურის საგამოცდო ოთახსაც. რაღაც სიხალვათეა. ეტყობა, მის ხეტიალში თანაკურსელებმა შეძლეს თავიანთი კუთვნილი ინტელექტის გამოცდა და დაიცალნენ. დანარჩენები კი დანარჩენებივით ემზადებიან. ჭ. აცნობიერებს, რომ ლოდინი მაინც მოუწევს, ამიტომაც იქვე, ფანჯარასთან მიდის და იქ კალათდება. უნივერსიტეტის ინტერიერის ყურებას გარე გარემოს ამჯობინებს. აკვირდება დანარჩენი შენობების ვიზუალს, რომელიც ამინდის გამო სველია და მუქი. ესმის ქალაქის ხმაური: ერთმანეთში არეული ტრანსპორტის, ხალხის, ეკლესიის და მაღაზიების ხმა. ჩანთა მოიჩხრიკა. გაუმართლა, ფანქარი და ქაღალდები ბლომად ედო. იმწუთიერად ამოიღო და საკუთარი აღქმის გამოსახულებას შეუდგა. უნივერსიტეტის კორპუსებში მოქცეული მდედრი დახატა თოვლისას: ფიფქები უშინაარსო ფაზლებივით რომ ჯდებიან მის პალტოზე, მხატვრობის ჯერ არარსებული მიმდინარეობით.

ცარიელ ფურცელს აზრს აძლევს მარიამი, მაგრამ ცხოვრების აბსურდულობაზე ეფიქრება: როგორი ულოგიკო და ქაოსურია. სასჯელია, რომ ჩვენ ვიბადებით. ქრისტიანულმა სამყარომ სწორად შენიშნა ეს, როცა ღმერთმა სამოთხიდან გამოდევნა ადამი და ევა. ამ აქტის მთავარ მოქმედ პერსონაჟად ქალი – ევა (ცხოვრება) აქცია. ამით ქალს ცხოვრების საზრისი, საფუძველი, აზროვნება მიანიჭა, კაცი კი მისი ამსრულებელია, რომელიც ყოველთვის ჩანს. ხანდახან იმდენად ბრმად ასრულებენ ქალის სურვილებს, რომ მერე ღმერთთან უსუსური არგუმენტით უხდებათ თავის მართლება: „დედა–კაცმა, რომელიც მომეც მე, მომცა აკრძალული ნაყოფი და ვჭამე.“ ჰო, ქალი გრძნეული არსებაა და ვფიქრობ, კაცის გონება მას ვერასდროს ჩაწვდება. ამიტომაც ხედავს იოზეფ კ. ქალში მხოლოდ ისეთ მექანიზმს, რომელიც მას ათქმევინებს: „ქალი დიდ ძალას წარმოადგენს (ეს ცუდად არ ჟღერს, მაგრამ საინტერესოა რას გულისხმობს ამაში). რომ შემეძლოს გავლენა მოვახდინო ზოგიერთ მათგანზე, ყველანი ერთად ჩემს სასარგებლოდ ვამუშაო, ჩემსას გავიტანდი. განსაკუთრებით ამ სასამართლოში, რომელიც თითქმის მექალთანეთაგან შედგება. დაანახე მოსამართლეს ქალი თუნდაც შორიდან და იგი მზადაა მაგიდასაც გადაახტეს და ბრალდებულსაც, ოღონდ ქალი ხელიდან არ გაუშვას.“ ქალი ინსტიქტების დაკმაყოფილების ობიექტი არაა.

ამგვარ ფიქრებში გართულ მარიამ ჭ–ს ლექტორის ხმა აფხიზლებს:

– მარიამ ჭ. თქვენ ბრძანდებით?

ჭ–ს ეუცხოვა ასეთი ოფიციალური მიმართვა და არც ესიამოვნა. მოკლედ უპასუხა:

– მე ვარ.

– კეთილი. წამობრძანდით, – აუდიტორიისაკენ გაუძღვა ქალბატონი ლექტორი.

 მარიამმა უსიამოვნო შეგრძნებით მოკრიბა ფურცლები, ფანქარები, ჩანთა აიღო, ფანჯრიდან ჩამოხტა და ლექტორს ზლაზვნით შეყვა:

– პირდაპირ გეტყვით, მზად არ ვარ. არც კი ვიცოდი ფინალური გამოცდა თუ მქონდა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია. მითხარით, მომდევნო სემესტრში საქმე როგორ მექნება? ვფიქრობ, არც კი ღირს გაგრძელება, რადგან არც კი ვიცი ნორმალურად რა საგნებს გავდივარ.

ქალბატონ ლექტორს მარიამის გულწრფელობა, რა თქმა უნდა, ეუცხოვა, მაგრამ დაინტერესდა. შეეძლო თავიდანვე ეთქვა, თუ ეს ფაკულტეტი არ მოგწონს სხვაზე გადადიო, მაგრამ ასე არ მოიქცა:

– როგორც ვხედავ წაკითხულიც კი არაფერი გაქვთ. საერთოდ არ გივლიათ ამ სემესტრში? – სიმკაცრე შეეპარა ხმაში.

– ალაგ–ალაგ. თავიდან ვეცადე საინტერესო საგნები ამერჩია. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ლექცია–სემინარებზე იმდენად უინტერესო და სტანდარტული გარემო იყო, აღარ გამჩენია მოსმენის და მასში ჩართვის სურვილი. აღარაფერს ვამბობს სიარულზე.

ლექტორი აშკარაა გაწონასწორებული ქალია, მაგრამ მისი ჰაბიტუსი მაინც ირეკლავს მის შინაგან სამყაროს. რატომღაც ქალის სახეზე აღფრთოვანება ჭარბობს. ჰო, პარადოქსია – მის წინაშე მისი უარმყოფი დგას, მაგრამ ამით ის აღფრთოვანებულია:

– მოდი, აი, აიღე რომელიმე ბილეთი და სცადე, იქნებ წაკითხული მაინც გქონდეს რომელიმე?

მარიამმა ხელი დაავლო ერთ–ერთს. მისთვის ხომ კითხვა უმშვენიერესი აქტია, წიგნები აცოცხლებს და აცნობს ლოგიკის არმქონე სამყაროს, მასწავლებლების, ლექტორების გარეშე. ბილეთს დახედა: კამიუს „უცხოა“. ცხოვრებაში პირველად იგრძნო გულწრფელი სიხარული მსგავს ფორმალურ გარემოში. ეს ლექტორსაც არ გამოპარვია:

– აბა რა შეგხვდა?

ჭ. იხსნება:

– ჩემი მასულდგმულებელი მწერალი – აბსურდიის ფილოსოფიის წარმომადგენელი – კამიუ, თავისი უნიკალური ნაწარმოებით „უცხო“.

– როგორც ვხვდები, წაკითხული უნდა გქონდეს.

– არა, უფრო ზუსტი იქნება, ვთქვა, ნაგრძნობი მაქვს, თან არაერთხელ. როცა პირველად წავიკითხე, მეგონა, კამიუმ მერსოთი მე დამწერა. ვერ დავიჯერე, რომ ის წინა საუკუნეში ცხოვრობდა, იმდენად თანამედროვე და აქტუალურ პრობლემებზე საუბრობს. ძალიან მოკლედ და ამომწურავად რომ გიპასუხოთ, მეც დავიღალე, დამღალეს უსურმა ადამიანებმა, თავიანთი სამოქალაქო საზოგადოებით, მერყევი ღირებულებებით, სტანდარტულობით, სნობურობით, სიყალბით, თამაშით...

– როგორც კი შეგნიშნე, მაშინვე მივხვდი, რომ ასოციალური პიროვნება ხარ. არ გავხარ დანარჩენ სტუდენტებს, რომლებიც ქულებზე მევაჭრებიან, აზროვნებით მბაძავენ და სხვ. ეს დამღუველია პიროვნებისთვის. ვაფრთხილებ კიდეც, მოსიარულე მკვდრები არ გახდნენ, მაგრამ წინ კედელია.

მარიამ ჭ. დუმს. ხელახლა დაბადების – მეტამორფოზის პროცესშია. კაფკას გმირისგან განსხვავებით ის არ იქცევა ხოჭოდ, ვიზუალურად ისეთივეა, უბრალოდ მოტივაცია იღვიძებს მასში. მოტივაცია იმისთვის, რომ თვით არ მოკვდეს, თვით არ შთაინთქას და სიცოცხლე განაგრძოს. იცოცხლოს, შეიგრძნოს საკუთარი უცხო, მტკიცე პიროვნულობა ერთფეროვან, სისტემაგამორეცხილ ადამიანთა გარემოში.

მარიამი ამას აცნობიერებს. ახლა მის წინ ტკბილმოუბარ ლექტორს კი არა, წმინდანს ხედავს. უნდა, მოეხვიოს, მაგრამ ასე არ იქცევა: ახალი ნახატის კონტურებს ხაზავს გონებაში.

ლექტორი ამ ყოველივეს ჭ–ში კითხულობს, ის მის ტყავშია შესული. უჩვეულოდ დგება და ეუბნება:

– შენ მე 100 ქულას გიწერ, საინტერესოვ, შესაბამისად უცხოვ. მინდა, არ მოდუნდე და შენი სიცოცხლისუნარიანობით შინაარსი შემატო ცხოვრებას. ვიცი, რთულია შენნაირი განსხვავებული, სტაბილური პიროვნების არსებობა ასეთ მეინსტრიმულ პერიოდში, მაგრამ უნდა გაუძლო მათ და შენი დაბადების ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულო. დიახ, შენც მერსოს მსგავსად საზოგადოებამ დაგსაჯა, რადგან თვითონ არ გკლავენ, ან თვითმკვლელობისკენ გიბიძგებენ ან მათთან ერთად თანაარსებობას გაიძულებენ. არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოახერხო, მაგრამ გზა უნდა იპოვო, საკუთარი თავის გადარჩენის.

ჰო, მარიამი ვალდებულია იცხოვროს და აცოცხლოს აბსურდი – დაიკავოს კუთვნილი ადგილი ამ სამყაროში.

ის უნივერსიტეტიდან კმაყოფილი გამოდის. თითქოს ბედნიერია. ლექტორის სიტყვებს იხსენებს და ცხოვრების მიმართ ამბივალენტობას განიცდის. თუ ცხოვრებას გააგრძელებს, ეს შეგუებას ხომ არ ნიშნავს? ის კი ცხოვრელი არაა, რომლებსაც გონება არ აქვთ და სადაც გაჩნდებიან იმ გარემოზე რომ ადაპტირებენ. მარიამი გონიერი ადამიანია, მას არ უნდა ის გარემო, სადაც ახლაა. ის რომელიმე ერთ კულტურას არ ეკუთვნის. ჰო, ტერიტორია, კონკრეტული სოციუმი მისი შემომსაზღვრელი არაა. ჭ. თავადაა ახალი სამყარო მოცემულ პერიოდში. მას უნდა დედამიწის ყველა ხალხს გაეცოს, მათ კულტურას ეზიაროს, მათი ცხოვრებით იცხოვროს სიცოცხლის ბოლომდე, მრავაფეროვნად. ორ გადაწყვეტილებას იღებს: გააგრძელოს ცხოვრება გზაზე და დედობაზე თქვას უარი. ჰო, იყოს ქალი, მაგრამ არ იყოს დედა. მოიშოროს ეს სოციალური როლი, გათავისუფლდეს ეროვნული იდენტიფიცირების ხელოვნურად შექმნილი ელემენტებისგან. მას არ უნდა მისი შვილი ამ ცხოვრების ნაწილი გახდეს, ჰოდა დაიცავს მას თუკი რეპროდუქციულუნარიანობაზე უარს იტყვის. ტელეფონს ეძებს და გინეკოლოგთან რეკავს. ამ პროცესში მთავარ გზაზე გავიდა, ამკრძალავი შუქნიშანი არ შეუნიშნავს. გზაზე, რომელზეც შესვლის უფლებაც არ ქონდა მაღალსიჩქარიანი სასწრაფოდახმარების მანქანა მოძრაობდა, რომელმაც წამის გაელვებაში მარიამ ჭ. გაიტანა.



კომენტარები