ქალი მხატვარი

ტიმ ბარტონის 2014 წლის ბიოგრაფიული ფილმი ჩემთვის საინტერესო და აღმაფრთოვაებელი მხოლოდ თავისი შინაარსით აღმოჩნდა. 50-იანი წლების ამერკელი ქალი - მარგარეტი ხელოვნების ისტორიაში ორიგინალური, ნოვაციური მიმდინარეობის შემქმნელია. ბავშვების ნორმასთან შედარებით ბევრად დიდი თვალებით გამოხატული მხატვრის ემოციები გახდა ის ძირითადი ნიშანი, რომელმაც გაყიდვების ხელოვანი - ვოლტერ კინი მიიზიდა და თავისი გაიძვერულ-თაღლითურ-პლაგიატური თვისებები თავისდა უნებურად ეტაპობრივად გამოავლინა ნამდვილ ხელოვანთან თანაცხოვრებისას. ჯერ სრულიად მოზომილად დაქორწინდა შემოქმედ, წრფელ მარგარიტზე და მოგვიანებით კი მზაკვრულ გარიგებაზე დაითანხმა, რომ ნახატებს მათი საერთო გვარი კინი ქონოდათ. მართალია, იმ ეპოქის აშშ-ში საავტორო უფლებებზე ნაკლებად საუბრობდნენ და მეტიც: ქალის შემოქმედებასაც კი არ მიიჩნევდნენ ღირსეულ ნიმუშად, მაგრამ მარგარეტს მაინც ქონდა მკვეთრი და მართლზომიერი რეაქცია, როცა ვოლტერმა უთხრა, შენი ნახატების ავტორად თავი მე გავასაღეო. ის მხოლოდ ერთს ამბობს: "ხელოვნება პირადია". ეს იმდენად გულისხმიერია, რომ ვოლტერისგან მხოლოდ ირონიას იღებს. ცოტა ხანში ამქვეყნიური პრობლემებით ნაკლებად დამძიმებული მარგარეტის გაჩუმებას ცბიერი ვოლტერი მარტივად ახერხებს: "სამწუხაროდ, ხალხი ქალის ნახატებს არ ყიდულობს."

მარგარეტის შთაგონება მისი ქალიშვილია. სწორედ მისით ახდენს ის სხვადასხვა უნიკალური, განმასხვავებელუნარიანი პორტრეტების შექმნას და ასე ბუნებრივად თავის დამკვიდრებას ხელოვნებაში. მისთვის ბაზარი წარმავალია. არ აინტერესებს. უბრალოდ იმდენად კეთილშობილია, თავს ვალდებულად მიიჩნევს მის ქმარს დაემორჩილოს. იმ დროს არსებული სამოქალაქო ცნობიერებაც არ უტოვებს სხვა გზას. გულდამძიმებული თანაგრძნობას სასულიერო პირთან აღსარებით ელის. დამეთანხმებით, რთულია, როცა თავად გაბატონებული საზოგადოების მდორე ცნობიერება არ გაძლევს თანაცხოვრების შესაძლებლობას.

სასულიერო პირი: - თანამედროვე მსოფლიო რთული ადგილია. ზოგჯერ ბავშვებს ჭირდებათ გარკვეული სიმართლის გაგებისგან დაცვა.

მარგარეტი: - არა, არა, ასე არ არის.

სასულიერო პირი: - ისე ჩანს, თითქოს თქვენი მეუღლე ცდილობს საუკეთესო გამოსავალი იპოვოს. თქვენ ქრისტიანად გაგზარდეს. იცით, რასაც გასწავლიდნენ? კაცი ოჯახის თავია. სავარაუდოდ თქვენ მის მოსაზრებას უნდა ენდოთ.

რასაკვირველია, ეს ნამდვილად არ იყო ისეთი გრძნობისმიერი და დამაკმაყოფილებელი საუბარი დროზე ბევრად წინმყოფი ქალისთვის. ის "გზა ხსნისას" ძებნას ისევ განაგრძობს, სხვაგან. მარგარეტი საოცრად მომთმენი ქალია, დიდსულოვანი, ბუნებრივია. თუმცა, მოგვიანებით, როცა უკვე ქმრის უსამართლო დამოკიდებულებამ სული დაუმძიმა, როცა მისმა ეგოისტურმა მზაკვრულმა ზრახვებმა გული დაუხშო, გადაწყვიტა ქალიშვილთან ერთად ვოლტერის მდიდრული, მატერიალური ზენიტის მქონე სამყოფელიდან გაქცეულიყო და საკუთარი უფლებისთვის ემბრძოლა. ჰო, გაებედა და ყოფილიყო პირველი ქალი, ვინც ამგვარ სიბოროტეს დაუპირისპირდებოდა.

"მაპატიე, რომ ისეთი დედა ვერ ვიყავი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი. ეს წლების წინ უნდა გამეკეთებინა," - ჰავაისკენ მიმავალ გზაზე ეუბნება შვილს თავისუფლება მოპოვებული მხატვარი ქალი.

ეს ის იშვიათი მომენტია, როცა მე დაგვიანებას ვამართლებ. რა თქმა უნდა, დღეს იგივე შეცდომას არცერთ ქალი დაუშვებს და თავიდავნე "აღგავს პირისაგან მიწისა", მაგრამ მარგარეტს 50-იან წლებში მოუწია ამ ცხოვრებისეულ გამოწვევაში ჩაბმა. მას არ დაუგვიანია, შეიძლება ასეც ვთქვათ: ეს დროული დაგვიანება იყო. საერთოდ რომ არაფერი მოემოქმედა და გაჩუმებულიყო ეს მომავალს დააზარალებდა და რამდენიმე ნაბიჯით განვითარებას უკან დახევდა. ის თავად ცხოვრებამ მიიყვანა ამ ნაბიჯამდე (რისკამდე), ბოლომდე აგრძნობინა უსამართლობის უგემურობა და უფლების დაცვის მართლზომიერ გზას დაადგა.

ვოლტერი: - შენ ხომ გინახავს როგორ ვხატავ?

მარგარეტი: - არა! ყოველთვის მეგონა, რომ ნანახი მქონდა, მაგრამ მირაჟივითაა: შორიდან მხატვარს გავხარ, მაგრამ ახლოდან - არაფერი მსგავსი.

ვოლტერი იმდენად უსუსური კაცია, რომ მუქარასაც არ ერიდება:

ვოლტერი: - ჩუმად! ხმას ნუ უწევ!

მარგარეტი: - იმ ხმაზე ვილაპარაკებ, რომელ ხმაზეც მინდა.

ვოლტერი: - არა, არ ილაპარაკებ, თორემ დაგარტყამ!

იმ მენტალობაში გაბატონებული თვისებების უხვადმატარებელი კაცია ვოლტერი: დომინანტი, თავკერძა და შანტაჟისტი.

ვერ ვიტყვი, რომ სასამართლომ ზუსტად გააკეთა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და მუხლების ვოლტერ კინისთვის შეფარდება (არ ვიცი, ეს რეჟისორის გამოა თუ მართლა ასე იყო), მაგრამ იმ მუხლებთან ერთად საავტორო უფლების ხელყოფა მეტწილად იყო მოცემულ შემთხვევაში ძირითადი დანაშაული - პლაგიატი. თუკი ოდესმე შესაძლებლობა მომეცემა პირადად გავეცნობი ადგილზევე ამ "ქეისს", მრავალი სამართლებრივი კითხვისშნიშნებით.

მართალია ვოლტერი მხატვარი არ იყო, მაგრამ მარგარეტის სიტყვებით რომ ვთქვა, ის ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა მომხიბვლელად თავისმოჩვენებაში და გენიოსი გაყიდვებში და რეკლამებში. ჰო, ის ეპოქის შვილი, მატერიებს დამონებული მასხარაა და ამასთან იდეალური პლაგიატორი.

რეჟისორმა თავისი ტექნიკურობით ვერ დამაინტერესა, ვერც სწორად დასმულმა საკითხებმა, ცოტათი დამაბნია კიდეც. ჰო, ემოციები აკლდა სცენარს, სიუჟეტებს - დინებები. ვფიქრობ, ქალი რეჟისორი უკეთ გაუგებდა ამ მხრივ მარგარეტს და მეტად ზუსტ ემოციებს შემატებდა კინემატოგრაფიულად ფილმს. ემი ადამსმა და კრისტოფერ ვოლტსმა კი ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულეს.



კომენტარები