განათლების არქონა დანაშაულია

                           "ადამიანი არის არა აღზრდის ობიექტი, არამედ ადამიანი არის გავითარების სუბიექტი."

                                                                                                                                           მერაბ მამარდაშვილი

ამ პოსტში მშობელთა ("აღმზრდელთა") ვალდებულებებსა და შვილთა (ბავშვთა) უფლებებზე ვსაუბრობ. შეიძლება ბევრმა თქვას, "ამ ლაწირაკ გოგოს ვინ მისცა ამ თემაზე ლაპარაკის უფლება, ჯერ დედა არ ყოფილაო", მაგრამ ამ მოსაზრების ავტორები ისევ და ისევ ის მშობლები ან/და ისეთ მშობელთა გავლენით მოსილი შვილები იქნებიან, რომლებიც ჩემი მოცემული პოსტის ერთგვარ შთაგონებას წარმოადგენს. მე, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ვიყავი ბავშვი და ამასთან, არც ისე ცუდად ვიცნობ ბავშვების ფიქოლოგიას, შემიძლია დარწმუნებით ვისაუბრო მათზე. ამის საბაბს ერთ-ერთი ფაქტობრივი გარემოება - ჩემი მუდმივი კონტაქტი  საკუთარ ბავშვობასთან განსაკუთრებულ სიმტკიცეს მატებს. თუმცა, მეტად გაგებაში ჩავარდნის, გააზრებისთვის სამართლის დახმარება აუცილებლად დამჭირდება. დავიწყოთ საერთაშორისო ნორმით - ბავშვის უფლებათა კონვენციით, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის ასაკობრივ მოცულობას:

მუხლი 1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.

სრულწლოვანების დადგენამდე, განვსაზღვროთ თუ რა არის ქმედუნარიანობა?

-  მოქმედი ეროვნული სამოქალაქო კოდექსით ეს არის იგივე ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.

- როდის აღწევს პირი სრულწლოვანების ასაკს?

- ისევ რასაკვირველია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს დავიხმარ: სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია.

18 წლამდეც უშვებს მოქმედი კანონდებლობა სრულწლოვანად გახდომის შესაძლებლობას მაშინ, როცა პირი 18 წლის ასაკის მიღწევამდე იქორწინებს.  

სსკ გამოყოფს ქმედუნარიანობის სახეებს ასაკის მიხედვით:

7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ითვლება ქმედუუნაროდ. ხოლო არასრულწლოვანი 7-დან 18-წლამდე შეზღუდული ქმედუნარისნობის მქონეა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.

მაგრამ ჩემი წერის მთავრი სუბიექტი ბავშვია, 18 წლამედე პირები და მათზე უფლებამოსილი -კანონიერი წარმომადგენლები - მშობლები (შესაბამის დაწესებულებაში - "აღმზრდელები").

მივადექით სოციალურ-მენტალურ საკითხსაც. ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან, ზოგადად ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთან, მშობლების წარმოდგენით ისინი საუკეთესო მასწავლებლები არიან და როგორც ისინი ფიქრობენ, აუცილებლად ისაა სწორი და ასე სწორხაზოვან სიმახინჯემდე მიჰყავს ბავშვი. ხშირ შემთხვევაში შვილები მათი დეფიციტური ცნობიერების მსხვერპლნი ხდებიან. "მასწვლებლები ტოტალური ფიგურები არიან" - ლ. ბერძენიშვილი

"სწავლების ჩვენი პედანტური მანია ისაა, რომ ვასწავლით ბავშვებს იმას, რასაც თავისით გაცილებით უკეთესად ისწავლიდნენ და არა იმას, რაც მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო გვესწავლებინა. იმაზე უფრო სულელური შრომა რაღაა, რომ ბავშვს სიარულს ასწავლიან - თითქოს ვინმეს ოდესმე ენახოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ძიძის დაუდევრობის გამო სიარული არ სცოდნოდეს მოზრდილობაში, პირიქით, რამდენია ისეთი, რომ მთელი სიცოცხლე ცუდად დადის, რადგან ცუდად ასწავლეს სიარული." ჟან-ჟაკ რუსო "ემილი ანუ აღზრდის შესახებ".

მერაბ მამარდაშვილი საერთოდ საწინააღმდეგოდ ამბობს, რომ ადამიანების აღზრდა არ შეიძლება. ადამიანი არაა აღზდრის საგანი. ადამიანი არაა აღზრდის ობიექტი. ადამიანი საერთოდ არაა ობიექტი არასდროს, არამედ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი. მისი მოსაზრებით, ადამიანს მეორე ადამიანი ვერაფერს ასწავლის, უბრალოდ ის მას დაეხმარება თვით აღმოაცენოს მასში იმის ეკვივალენტი, რაც უნდა რომ გახდეს - ეს კი შინაგანი აქტია და ადამიანებს სწორედ ეს განასხვავებს ურთიერთისგან. სწორედ ამ შინაგანი აქტითვე განასხვავებს ადამიანი კეთილსა და ბოროტს. ჩვენ, ქართველები რატომღაც თავს ბუნებით მასწავლებლებად მივიჩნევთ. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი პროფესია მამარდაშვილისეული პიროვნების განვითარების თეორიის მიხედვით ღრმა აზრს მოკლებულია. აკაკი წერეთლის "გამზრდელში" წარმოდგენილი ძირითადი აზრი - მასწავლებელი პასუხისმგებელია მოსწავლის მორალურ საქციელში  და აღმზრდელის თვითმკვლელობა ამის საფუძველზე, ლევან ბერძენიშვილის აზრით, ღრმა სისულელეა, რასაც მეც ვეთანხმები. თუმცა, აკაკი იქვე ამატებს "მარტო წვრთნა არას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა?!" და ამგვარად გამზრდელს პასუხისმგებლობას უხსნის.

ამაზე რუსოსაც აქვს კითხვა თავის ნაწამოებში "როგორ დამიმტკიცებთ, რომ ცუდი მიდრეკილებები, რისი აღმოფხვრაც გინდათ, უფრო ბუნების ბრალია, ვიდრე თქვენი უგუნური მზრუნველობისა?"

მაგრამ არსებობს მეორე, მათავრი მომენტი. ისევ რუსო: - "ვინ იცის რამდენი ბავშვი უმსხვერპლია  მისი მამის ან მასწავლებლის ახირებულ სიბრძნეს?''

სწორედ ამიტომაა საჭირო რომ გავითავისოთ, მშობლობა მხოლოდ ადამიანთა სახეობის გამრავლებას არ გულისხმობს, ესაა საკუთარი ნებით ნაკისრი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ვალდებულია შვილის განვითარებას შეუწყოს ხელი და არ იძალადოს მასზე, არც ფიზიკურად და არც ფსიქიკურად!

სამწუხაროდ დღევანდელი რეალობიდანაც და წინა ეპოქის რეალობიდან მშობლების აღზრდის მეთოდი ბავშვში სამი განცდის გამომუშავებაზე იყო დაფუძნებული:

სინდისის ქენჯნა,

დანაშაულის განცდა

და შიში.

ამის იდეალურ მაგალითად ამერიკელი მწერლის ფილიპ როთის "პორტნოის სინდრომი" გამოგვადგება, სადაც ფროიდზე დაყრდნობითაა გაწერილი ოჯახზე, დედისკალთაზე გამობმული ბიჭის პერვერსიული ცხოვრება. ჰო, ეს ლიტერატურული ნაწარმოებია, მაგრამ, ჩემი აზრით, ვინც ზიგმუნდ ფროიდის ნარკვევების კრებულს "სექსუალობის ფსიქოლოგია"-ს იცნობს, დამეთანხმება, რომ მისი გამხატვრულებული ცხოვრებისეული შემთხვევაა. ესაა 33 წლის ზრდასრული ებრაელი მამაკაცი - ალექსი, რომელიც საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ არა თავისუფალი ანუ მისი პირადობის მოწმობა და "მე" ერთამენთს არ იცნობენ. მთელი წიგნი სწორედ ამაზეა, ალექსი ფსიქოანალიტიკოსს თავისი სექსუალური ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ უყვება. მაგრამ კომიკური ისაა, რომ 33 წლის ასაკში აცნობიერებს ოჯახის მარწუხებში მოქცეული კაცი ამას. ეს ნაწარმოები კარგი საშუალებაა იმაზე, რომ დაგვაფიქროს - ეს "გადახრა" ალექს პორტნოის ბრალია თუ მათი მშობლების? ამაზე მე ახლა არ გიპასუხებთ, მხოლოდ ციტირებას მოგიყვანთ წიგნიდან:
"ნახე, რა უქნა ჩემმა ე.წ. სინდისმა ჩემს სექსუალობას, სპონტანურობასა და გამბედაობას. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ ნაკლს ვებრძვი ჩემში, როგორ ვცდილობ მათგან თავის დაღწევას, როცა ფაქტი, ფაქტად რჩება: ამაოდ ვირჯები. თხემით ტერფამდე საგზაო რუკა ვარ, რომელზეც რეპრესიულობის ნიშნებია დატანილი. ჩემი სხეულის სიგრძე-სიგანეზე რომ იმოგზაურო სულ სირცხვილის, აკრძალვებისა და შიშის მაგისტრალზე მოგიწევს სიარული. ძალიან კეთილი ვარ, დედა. ისეთი მაღალზნეობრივი ვარ, რომ მალე გავსკდები - სულ შენ დაგემსგავსე!"

მშობლებო, თქვენი უგუნური მზრუნველობით ნუ დაუმახინჯებთ პიროვნებას, ნუ გახდით უცხოებს საკუთარ "მე"-სთან თქვენს შვილებს, ნუ დააბრკოლებთ მათ განვითარებას და გაიაზრეთ, თუ სად მთავრდება თქვენი უფლებები და იწყება შვილის თავისუფლება, ანუ სად იწყება თქვენი ვალდებულება არ დააბრკოლოთ შვილის პიროვნული განვითარების უფლება. ფრაზა: "ჩვენთვის, მშობებისთვის, მაინც ბავშვი ხარ, საყვარელო" - დაივიწყეთ.

ფილიპ როთის ამ წიგნს გონივრული წანამღვარი აქვს: პორტნოის სინდრომი (ვინმე ალექსანდერ პორტნოის (1933) გვარის მიხედვით) – სინდრომი, რომელიც ძლიერი ეთიკური და ალტრუისტული იმპულსებისა და უკიდურესად მძაფრი, ხშირად პერვერსიული სექსუალური განცდების ჭიდილს გულისხმობს. შპილფოგელი წერს: “ამ დროს ხშირია მიდრეკილება ექსჰიბიციონისტური, ვუაიერისტული, ფეტიშისტური და ავტოეროტიკული ქმედებებისაკენ, ორალური კოიტუსისაკენ. ბავშვობაში მშობლებისაგან განცდილი მორალური წნეხის გამო პაციენტი ვერც საკუთარი ფანტაზიების, ვერც სექსუალური აქტის მეშვეობით სრულ დაკმაყოფილებას ვერ აღწევს. მასში ჭარბობს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობები, სასჯელის, განსაკუთრებით კასტრაციის შიში (ო. შპილფოგელი, “გზააბნეული პენისი”, Internationale Zeitschrift für Psychoanalyse, ტომი XXIV, გვ. 909)”. ექიმი შპილფოგელი თვლის, რომ ამ აშლილობის სიმპტომთა უმეტესობის მიზეზი დედისა და ვაჟის ურთიერთობებშია საძებნი.

პოსტის გენდერულად დასაბალანსებლად (კაცებს რომ გული არ დაწყდეს) ქალის დედისადმის მიჯაჭვულობის მაგალითზე მიხაილ ჰანეკეს კანის კინოფესტივალზე სამი ძირითადი პრიზის გამარჯვებული ფილმი - "პიანისტი ქალი" გამოდგება. იზაბელა ეგზიუპერის გმირ ერიკაში, დედის მუდმივად შიშსა და კონტროლის მექანიზმით აღზრდის მეთოდმა, მსგავსი სინდრომის - საკუთარი რეპრესირებულობის შობა განაპირობა. მე ამ ფილმს მიზოგენურად და ანტიფემინურად ვერ მივიჩნევ, რადგან აქ მხოლოდ იმ ქალს ვხედავ,  რომელიც ისევ და ისევ პატრიარქალური კულტურის მსხვერპლია - ქალი დაადანაშაულონ საკუთარ რეპრესიულობაში. შესაბამისად არც ალექსია დამნაშავე "პორტნოის სინდრომის" გამო და არც ერიკა ცალსახად რეპრესიულობის გამო. ორივე შემთხვევაში ბრალი მათ მშობლებს შეერაცხება,  რომლებიც საზოგადოების შემადგენელი ნაწილია. აკაკისგან განსხვავებით არა შვილთა მორალური ქცევის, არამედ მშობლების ხისტი, არაჰუმანური, მკაცრი, უგუნური მზრუნველობის გამოყენების გამო, რაც აბრკოლებს ინდივიდის პიროვნულ განვითარებას და არასრულფასოვნების კომპლექსს მრავალფეროვნად შობს.

და რა ხდება ქართულ რეალობაში ამ პარალელების გარდა?

რამდენიმე თვის წინ ჩემს მესამე-კლასელ მეგობრებს ინგლისური ენის მომზადებაში ვეხმარებოდი. საოცრად გონიერები არიან, აღმაფრთოვანეს თავიანთი აზროვნებით. როცა ქულა ვკითხე, საშუალო მაქვსო. რა თქმა უნდა, გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვები მასწავლების ხისტი, მკაცრი ტონის მოთხოვების გამო ვერ გებულობდნენ გაკვეთილს და სწავლას შეეშვნენ. ზუსტად ერთ თვეში ბავშვებმა ანბანის სრულყოფილ სწავლასთან ერთად ინგლისურად აქტიური მეტყველებაც დაიწყეს. მეტიც, ინტერესი გამოთქვეს ინგლისური საბავშო სიმღერებიც ეთარგმნათ. ხშირად ლიტერატურაზე და ბუნებაზეც ვსაუბრობდით. მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ დამოკიდებულებით. მაგრამ! სკოლა ისევ სკოლად რჩება იმავე არასწორი მიდგომებით. კი, სახელმწიფო პროგრამები დაიწყო. კარგია, რომ დაიწყო, მაგრამ ტემპია მოსამატებელი, ხარისხი გასაზრდელი და პასუხისმგებლობა შესაგნები. მშობლები ბავშვებს მშვიდად უნდა ამეცნებდნენ მთელ რიგ საკითხებს და არა ყვირილით, ნერვული დამოკიდებულებებით, ასევე მასწავლებლები (მათგან იმ არგუმენტის მოსმენა, რომ ახალი ბავშვები ძალიან ენერგიულები და ძნელად დასამორჩიელებელია და ამის გამო, შეუძლებელია ცემის და ყვირილის გარეშე მათი დამორჩილება, მხოლოდ და მხოლოდ უნებისყოფო ადამიანის პასუხია). თანამედროვე ბავშვები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ყვირილზე და მეტად იკეტებიან. სტრესისგან უნდა გაითავისუფლოთ თავი. სანამ ოჯახს შექმნით, მანამდე კარგად აწონ-დაწონეთ რა ნაბიჯს დგამთ და რა პასუხისმგებლობას იძენთ.

ჰო, დღეს ციფრული ეპოქის პატარები გაცილებით საოცრებები არიან. იმაზე მეტი გონივრული შესაძლებლობებით, ვიდრე წინა ეპოქის ბავშვები, თუმცა გონიერი განმავითარებელი (მშობელი, მასწავლებელი) სჭირდებათ.

მეორე მთავარი პრობლემა: ქართულ რეალობაში თანამედროვე მშობელი თვითონაა "აღსაზრდელი", რადგან ბავშვთან სწორად მიდგომის მეთოდს ვერ ფლობენ. ეს ადრე დაოჯახების ბრალია, რაც ჩვენი უსულგულო მენტალობიდან გამომდინარეობს. საქართველოში და მსგავს კულტურებში ცალსახაა, რომ ოჯახები სექსის სურვილის დასაკმაყოფილებლად იქმნება ამ ასაკში - აღნიშნული აქტის ერთგვარი "გაპრავება" ხდება, რაც ბოლოს ფეხმძიმობით სრულდება, ბავშვი ჩნდება და მასთან ერთად ახალი თავსატეხები (სექსის დროს თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაციას თითქმის არ ფლობენ, ან არასწორად - ქუჩაში გაგონილს. კონტრაცეპტივების ხსენება კი დანაშაულის ტოფასია. "როგორ შეიძლება გოგომ დაორსულების საწინააღდეგო პრეპარატები მიიღოს, ეს ხომ უღირსი საქციელია?"). ეს ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაულია - შექმნა ოჯახი მხოლოდ სექსის გამო (ამ ასაკში აშკარაა, მოზარდებს რაც ამოძრავებთ. ის ფსიქოლოგიურად ოჯახსთვის მზად არაა, მაგრამ მის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას დაკმაყოფილება ჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვანი, თავისუფალი იყოს) და ბავშვის მომავალზე არ იფიქრო. სექსურალური თავისუფლების არ არსებობას ეწირება ბავშვი. სექსუალური თავისუფლების არ არსებობა კი ხავსმოკიდებული ქართული მენტალობის, კულტურის დამსახურებაა, რომელიც აღნიშნულ "დანაშაულობებს" შობს. საქართველოში ზოგადი განათლების მკვეთრი პრობლემაა (სექსუალურ განათლებას საერთოდ ვერ იღებს ახალგაზრდა, რადგან ეს სირცხვილად ითვლება).  ამასთან, ისინი სკოლებშიც სწავლითაც არ იჩენენ თავს, სკოლის ასაკში ოჯახდებიან, სწავლას თავს ანებებენ -  ახალგაზრდა დედები ბავშვს "ზრდიან", მამები კი (ყველა არა) ან სამსახურს ეძებს (ისეთს, რომელსაც დიპლომი არ სჭირდება) ან მშობლების კმაყოფაზეა. ძირითადად დედის ან სიდედრის, რომელიც საზღვარგარეთაა მომვლელად. ეს კატასტროფაა. რას აკეთებენ ამ დროს ადამიანის უფლებების დაცვაზე მზრუნველი ენჯეოები? განსაკუთრებით რეგიონებში უკიდურესი საჭიროებაა ცნობიერების ამაღლების.

რასაკვირველია, აქვე უნდა გავმიჯნოთ, რომ თავაშვებულობა არ უდრის თავისუფლებას, ბავშვის გაბედნიერება არ უდრის განებივრებას. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცნობიერი უნდა გავისუფთაოდ მსგავსი ვულგარული მსჯელობებისგან. რუსო მის ნაწარმოებში აქაც მოწესრიგებას გვთავაზობს: "მივცეთ ადამიანის ვნებებს წესრიგი ადამიანის კონსტიტუციის შესაბამისად."

მართალია, მოქმედი კანონმდებლობა მშობლებს პირის სრულწლოვანებამდე პროპორციულად აძლევს კანონიერი წარმომამდგენად ყოფნის უფლებას, მაგრამ ამით პასუხისმგებლობას სძენს. თუკი ის ამ პასუხისმგებლობას კეთილსინდისიერად და ჯეროვნად არ შეასრულებს, ისევ ეს კანონი და გაეროს ბავშვათა კონვენცია ართმევს მას მშობლობის უფლებას.

ვიყოთ მეტად გულისხმიერები, ჰუმანურები და ამავე დროს გონივრულები, რათა ხელი შევუწყოთ გონიერი თაობის განვითარებას.

დასკვნა: ჰო, განათლების არქონა დანაშაულია. 



კომენტარები