ბიბლიური ევა და თანამედროვე ქალი

                                                                                                                „ქალი ერთდოულად გველცაა და ვაშლიც“ 

                                                                                                                                        ჰაინრიხ ჰაინე (1797-1856)

ქალი

ადამიანთა კლასისგან აღნიშნული სქესი მეტი თვასაჩინოებისთვის გამოვყავი. ეს ჩანაწერი არ იქნება ცალსახად თეოლოგიურ ჭრილში ქალის საკითხის განხილვა, ეს შეეხება ზოგადად, ქალს, როგორც განსაკუთრებულ, სპეციფიკურ მოვლენას ბუნებაში, განსაკუთრებული ქალების მაგალითებზე.

ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვიყავი, როცა ამ თემას ჩავუღრმავდი. დაახლოებით მეოთხე-მეხუთე კლასში, როცა რელიგიას გვასწავლიდნენ და ეს რელიგია აუცილებლად მართლმადიდებლურ ქრისტიანობას გულისხმობდა. იქ კი ქალი, ევას სახით დემონურ, მიზოგენურ არსებასთან ასოცირდებოდა. ის არის ცდომილი ადამიანი, რომლის არასწორი ქმედების გამო ღმერთმა კაცობრიობა დასაჯა და სამოთხიდან გამოდევნა, მაგრამ ადრეული ასაკიდან ვფიქრობდი, რომ ეს მიდგომა ამ საკითხისადმი არასწორი იყო. რაც უფრო მემატებოდა ასაკი და ვიმდიდრებდი ცოდნას, ჩემი ვარაუდები ევას არაცოდვილიანობის შესახებ უფრო და უფრო მტკიცდებოდა. განსაკუთრებთ კი ხელი ამას ფილოსოფოს თათა ცოფურაშვილის საჯარო ლექციებმა შეუწყო...

წმინდა წიგნის ძველი აღთქმის ნაწილში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა მეექვსე დღის ბოლოს შექმნა კაცი მის „ხატად და მსგავსად“, რომელსაც დაარქვა ადამ. „ღმერთმა ადამი მისთვის წინასწარვე მომზადებულ სამოთხეში დაასახლა და უბრძანა, რომ ეკეთებინა ის და მოევლო მისთვის. ამგვარად დაუნიშნა მას საქმე ფიზიკური, ჯან-ღონით სამოქმედო. საჭმელად კაცს ღმერთმა მისცა ბალახის თესლი და ხის ნაყოფი და თან ამცნო: „არ შეჭამო კეთილი და ბოროტების ცნობის ხის ნაყოფი და თუ შჭამო, მოკვდე.“  მერე ღმერთმა მოუყვანა ადამს ცხოველები, რომ მან უწოდოს სახელები, ღმერთმა მისცა ადამს საქმე გონებით სამოქმედო. ადამმა ყოველ ცხოველს უწოდა შესაფერისი სახელი და შენიშნა, რომ მისი მსგავსი არსება არ იყო. მაშინ ღმერთმა თქვა: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, უქმნეთ მას შემწე, მსგავსი მისი.“ და მოუვლინა ადამს ღრმა ძილი. ძილის დროს გამოუღო ნეკნი ერთი, შეუქმნა შემწე და მიუყვანა მას. ადამმა თქვა: „ესე არს ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ.“ შემდგომ დაარქვა ცოლს სახელად ევა (ცხოვრება). ღმერთმა აკურთხა იგინი.“ აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ როცა ღმერთმა შექმნა ქალი, მაშინვე განუსაზღვრა სოციალური როლიც - ცოლის სტატუსით.

ადამი და ევა სამოთხეში უზრუნველად ცხოვრობდნენ, მხოლოდ სიკეთითმოსილ გარემოში. მათი შრომა არ იყო შემაწუხებელი. ისინი არასდროს გრძნობდნენ მწუხარებას, არ იცოდნენ შური, მტრობა და სიძულვილი. „ღმერთს უყვარდა იგინი, როგორც შვილნი; ხშირად ეცხადებოდა და ასწავლიდა მათ იმას, რაც მათთვის საჭირო იყო და თვითონ ვერ შეძლებდნენ მის შესწავლას“. ამ მონაკვეთიდან თვალწინ მიდგება შვილებისა და მშობლების, მასწავლებლისა და მოსწავლის, ლექტორისა და სტუდენტის, ლიდერისა და თანამშრომელის მენტალურ-სოციალური როლები, სადაც ლიდერმა ყველაფერი იცის და ის ყოველთვის მართალია, რომელიც დღეს, განსაკუთრებით ქართულ რეალობაში, აქტიურ მოქმედებაშია... მეორე მხარის სიმართლე საერთოდ მიუღებელია მისთვის. ამ მიდგომით, არც არსებობს.

საინტერესოა გველსა (რომელსაც ეშმაკი მართავს) და ევას დიალოგი. ძველი აღთქმის წიგნი გვეუბნება, რომ ეშმაკმა ევა შემდეგი სიტყვებით შეაცდინა: „არა, კი არ მოკვდებით, არამედ ღმერთმა იცის, რომ, როცა სჭამთ იმ ხის ნაყოფს, აგეხილებათ თვალნი და, როგორც ღმერთნი, გეცოდინებათ კეთილი და ბოროტი“. ევას რეაქცია მასზე: „ის დაუკვირდა აკრძალული ხის ნაყოფს, მოეწონა, ღვთის ბრძანება დაივიწყა, მოწყვიტა აკრძალული ნაყოფი, სჭამა და ადამსაც აჭამა. იმათ დაარღვიეს ღვთისაგან მიცემული მცნება - ღმერთს შესცოდეს.“ ამგვარად ევას პიროვნება ქრისტიანულ სამყაროში დემონიზირებულია. მე კი ამგვარ მსჯელობას ვერ დავეთანხმები. ევას გადაწყვეტილება და ქმედება არის აზროვნების დასაწყისი - ინსტიქტების სამყაროდან გამოსვლა და კულტურის სამყაროში გადასვლა. ამგვარად, სიშიშვლე არის შედეგი და არა მიზეზი ცოდვადდაცემისა. აკრძალული ხის შეჭმა ცოდვა არაა, ახალი ცხოვრების დასაწყისია. მათ აზოვნება დაიწყეს და მიხვდნენ, რომ აქამდე შიშვლები იყვნენ - აღნიშნული ქმედებით კი საკუთარი თავის განამდვილება, შეცნობა მოხდა. ერთგვარი ინტელექტუალური აქტი. ზნეობრივი არსებები გახდნენ. ამის საფუძველი კი ერთდროულად გველი და ქალი იყო. კანტი ამაზე წერს: „ამ ბუნებისეულ სამყაროდან გამოსვლა გულისხმობს გამოსვლას ნებელობიდან შიშველი, ცხოველური ქმნილებისა ადამიანობაში გადასვლას, ინსტიქტის აღვირით სიარულიდან გონებითხელმძღვანელობისაკენ. ერთი სიტყვით, ბუნების მეურვეობიდან თავისუფალ მდგომარეობაში.“ თავისუფალი მდგომარეობა კი, რა თქმა უნდა, არჩევანის გაკეთებას გულისხმობს. ამგვარად ქალი თავისუფლადაა შესაძლებელი აზროვნების საწყისად მივიჩნიოთ. ის მეტად გაბედული, მეამბოხე და სიახლისმოყვარულია, ბუნებრივად. მას მობეზრდა ერთფეროვანი სამოთხე, სადაც ცხოვრება ნაკლებსაინტერესოა და ახალი განცდები სჭირდება, სადაც მეტად დაიხარჯება ინტელექტუალურად. ჰეგელი ამბობს: „სამოთხე ის ბაღია, სადაც მხოლოდ შეიძლება ცხოველებმა იცხოვრონ“.

სხვა ქალის სახეა ქრისტიანობაში მარიამი. იგი ღვთისმშობელი და ამავე დროს მარადქალწულის სტატუსითაა შემკობილი. ადამიანი, რომელიც რაციონალურად აზროვნებს, მისთვის ეს ორი მდგომარეობა ერთად შეუთავსებელია. როგორ შეიძლება ქალი მშობელიც იყოს და ქალწულიც ერთდროულად?! ნუ, ეს რწმენის თემაა და აქ გავწყვეტ, თუმცა ქართული რეალობიდან ე.წ. „ქალიშვილობის ინტიტუტის“ არსებობა რელიგიურ დოგმატიკას ნამდვილად არ ცდება.

შემგედ რა ხდება? - ქალი არის ქმრის მფარველობის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ჯერ ერთი, ცოლის სოციალურ კლიშეშია მოქცეული, ამასთან ქმრის მორჩიელებაშიცაა. თუმცა, ბიბლიის ახალი აღთქმის წიგნში, კერძოდ, „პავლე მოციქულის წერილში გალატელთა მიმართ“, ვკითხულობთ: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“. ამ მონაკვეთში არა მხოლოდ გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს პავლე მოციქული, არამედ ეთნიკური და სოციალური სხვაობებიცაა მოხსნილი.  აგრეთვე, იმავე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ-ში გხვდება ასეთი ჩანაწერი: „ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთე ცოლმა ქმარს. ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ცოლი.“ მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქული ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე საუბრობს, იმ დროის საზოგადოების უმრავლესომა ამას მხედველობაში არ იღებს.

შუა საუკუნეები, განმანათლებლობის ხანა - რენესანსის ეპოქა. ბრძოლა ქალთა უფლებებისათვისაც.

ინგლისელი მწერალი, ვირჯინია ვულფი (1882-1941): ის ერთგვარ შედარებით ანალიზს აკეთებს რწმენისა და გონების ეპოქას შორის. რწმენის ხანაში ბიბლიოთეკები საულიერო პირების მფლობელობაში იყო და მათი ნებართვის გარეშე ვერავინ სარგებლობდა მისით. ქალებს მხოლოდ ორ შემთხვევაში ქონდათ შესაძლებობა: თუ კოლეჯის მასწავლებელი ახლდა, ან თუ ქალს შეეძლო წარმოედგინა სარეკომენდაციო წერილი. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა, სისტემა, დამოკიდებულება ვირჯინიას მსგავსი ქალისთვის მოუღებელი იყო. „როდესაც გასრულდა რწმენის ეპოქა და დადგა გონების ხანა, კვლავ მოედინებოდა ოქრო და ვერცხი; კოლეჯებში აღმზრდელები და ლექტორები მოიწვიეს; ამჯერად ფული მოედინებოდა არა სამეფო ხაზინიდან, არამედ ვაჭართა და მრეწველთა ჯიბეებიდან; იმათი ქისებიდან ვინც გამდიდრდა, მაგალითად, სამრეწველო ბიზნესით. ქონების დიდ ნაწილს ისინი ანდერძით უტოვებდნენ უნივერსიტეტს, რომ დაეარსებინათ ახალი კათედრები, მოეწვიათ ლექტორები და აღმზრდელები კოლეჯებში, სადაც თავად ეზიარნენ ცოდნას. შეიქმნა ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები, გაჩნდა ობსერვატორია, შეიძინეს შესანიშნავი აპარატურა, ძვირფასი და ნატიფი ხელსაწყოები, რომლებიც თაროებზეა ჩამორიგებული. სწორედ იქ, სადაც საუკუნეების წინათ ბალახი ბიბინებდა და ღორები მიწას ჩიჩქნიდნენ. იმ ოქრო-ვერცხლითაა, ქვაფენილი მკვიდრად რომ აგია ველურ ბალახზე. კიბიდან კიბეზე ლანგრით ხელში მიიჩქარიან ადამიანები (კოლეჯი ტრადიციულ სუფრას უმართავს კურსდამთავრებულთ). ფაჯრებიდან საზეიმოდ იმზირება გადაფურჩქნული ყვავილები. ოთახებიდან მუსიკა იღვრება. ფიქრი თავისით აკიაფდა...“

1929წ. „ასიოდე წლის შემდეგ ქალები თავს დააღწევენ მეორე სქესის მფარველობას... ძალას სცდიან ყველაფერში, რასაც ადრე ახლოს ვერ გაეკარებოდნენ და გაქრება წარმოდგენა, რაც ემყარება აზრს, რომ ქალს მფარველობს მამაკაცი...

ჩვენ თუნდა ღარიბები და უსახელო დავრჩეთ, მაინც ღირს ვიცოცხლოთ და ამისთვის გავისარჯოთ.“

 

რა ხდება შემდგომ პერიოდებში?

სილვია პლათი (1932-1963) ამერიკელი მწერალი, პოეტი. სილვიას ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტი „ზარხუფი“ ერთგვარი ბრძოლაა ქალის, რომელიც საკუთარი სოციალური როლის წინააღმდეგ მიდის. რატომ არის ფემინური სილვიას ტექსტი? მას არ უნდა ქმარი, ოჯახი, მისთვის ეს მხოლოდ მომამებზრებელი ერთფეროვნება, მუდმივობაა. „ყოველთვის ერთი და იგივე ხდებოდა: შორიდან ვინმე სრულყოფილ მამაკაცს მოვკრავდი თვალს, მაგრამ ოდნავ მომიახლოვდებოდა თუ არა, სულ არაფრად ვარგოდა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გათხოვება არასდროს მდომებია. ყველაზე ნაკლებად სიმშვიდეს ვეძებდი და სულ არაფრად მეპიტნავებოდა, ვყოფილიყავი მშვიდი, რომელიც ისარს გატყორცნის, თავად კი ადგილზე რჩება. ცვლილება და მღელვარება მინდოდა: რომ ყველა მიმართულებით თვითონ მექროლა, როგორც ფეიერვერკის ფერად ისრებს.“

საინტერესოა, მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ქალის აზროვნება კაცის ღალატზეც: „მას შემდეგ, რაც ბადი უილიარდმა ოფიციანტ ქალზე მიამბო, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ვინმესთან თვითონაც უნდა დავწოლილიყავი.“ ბევრი ქართველი დღეს მასზე იტყვის, „მერე რა ქმარმა თუ უღალატა? როგორ შეიძლება ქალმაც იგივე გააკეთოს? ეს ხომ საშინელი ცოდვაა? ქალს ამის უფლება არ აქვს“. დავუშვათ, ქალს არ აქვს ღალატის უფლება, მაშინ კაცს რატომ ან როგორ აქვს ეს ?

რატომ არის სილვია გენიალური ქალი იმ ეპოქისთვის? – „ვცადე წარმომედგინა, როგორ იქნებოდა ყველაფერი, კონსტანტინი ჩემი ქმარი რომ ყოფილიყო. ეს ნიშნავდა შვიდ საათზე ადგომას და მისთვის კვერცხის, შებოლილი ხორცის, პურის და ყავის მირთმევას და მერე, სამსახურში რომ წავიდოდა, - ფრატუნს ღამის პერანგითა და „ბიგუდით“, რომ ჭუჭყიანი თეფშები დამერეცხა და ლოგინი ამელაგებინა. და მერე, როცა ის დაბრუნდებოდა თავბრუდამხვევი დღის შემდეგ, ნოყიერ სადილს მოისურვებდა და მთელი საღამო უფრო მეტი ჭუჭყიანი თეფში უნდა მერეცხა, ვიდრე საწოლში არ ჩავწვებოდი ქანცგაწყვეტილი.

თხუთმეტი წლის განმავლობაში ფრიადოსანი გოგოსთვის ამგვარი პერსპექტივა საშინელ უქმად ჩავლილ ცხოვრებას ნიშნავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ქორწინება სწორედ ეს იყო. მზარეულობა, წმენდა და რეცხვა იყო ერთადეთი, რასაც ბადი უილიარდის დედა აკეთებდა დილიდან დაღამებამდე, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორის ცოლი იყო და თვითონაც კერძო სკოლაში ასწავლიდა (...)

და მე ვიცოდი, რომ იმ ვარდების, კოცნების და რესტორნის ვახშმების მიუხედავად, რითაც მამაკაცი ქალს ცოლად შერთვამდე ანებივრებს, ერთადერთი, რაც ამ დროს მამაკაცს ფარულად სურს, ის არის, რომ საქორწინო ცერემონიალის ჩათავებისთანავე ეს ქალი მისის უილიარდის სამზარეულოს ჭილოფივით გაბრტყელდეს მის ფეხქვეშ“.

სილვია ქალია, რომლისთვისაც ქმარი, ოჯახი მხოლოდ სოციალური სტატუსია, კლიშეა, მას კი ეს არ უნდა. განვითარება, თავისუფლება, თავგადასავლები ურჩევნია, მაგრამ იმ ეპოქისთვის ეს ნამდვილად უცხო იყო და აუცილებლად განწირული. თუმცა, დღეს იმ ქვეყნებში, სადაც განათლების მაღალი დონეა, მსგავსი აზროვნება გაოცებას, გაკიცხვას არ იწვევს. ყველას თავისი აზრი, არჩევანი აქვს და მას პატივს სცემენ. რასაკვირველია, ამას ვერ ვიტყვი, სამწუხაროდ, ჩემს მშობლიურ ქვეყანაზე. ქვეყანა, სადაც ხალხთა დიდი ნაწილი რწმენის ეპოქაშია ჩარჩენილი, სადაც უკანასკნელ ფულს ბავშვის განვითარებაში კი არ ხარჯავენ, არამედ სანთლებში, ხატებში, რომ მასზე ილოცონ და გონიათ, ღმერთი მათ ყველაფერს მისცემს. რწმენა საჭიროა, მაგრამ ფანატიზმი ადამიანის დამღუპველია. ჯერ კიდევ როდის ათქმევინა სულხან-საბამ ღმერთს მოცურავისათვის „გაანძრიე ხელი და გეშველებაო“.

და ყოველივე ამის შემდეგ როგორია თანამედროვე ქალი და არის თუ არა განსხვავება ქალსა და კაცს შორის? ის, რომ ქალი შედარებით ინიციატორი, სიახლის მაძიებელი და განვითარების საწყისია ამ მსჯელობიდან საეჭვო არ უნდა იყოს. ეს ნიშნები ყოველი ეპოქის ქალს ქონდა, ოღონდაც იმავე ეპოქის შესაბამისად ფორმულირებული. თანამედროვე ამერიკელი მწერალი პოლ ოსტერის მეუღლე და მუზა - სირი ჰუსტვეტი თავის ერთ-ერთ პროზაულ ნაწარმოებში „ზაფხული კაცების გარეშე“ საინტერესო მსჯელობას ავითარებს. ის მეცნიერული აღმოჩნებებზე დაყრდნობით მის ცვალებადობაზე საუბრობს: „დღეს კარგი მეცნიერება შეიძლება ხვალ ცუდი გახდეს, როგორც მოხდა 1982 წლის სენსაციური აღმოჩენის შემთხვევაში: „კორპუს კალოსუმი, ანუ ტვინის ნახევარსფეროების ფიბრული დამაკავშირებელი, განსაკუთრებით მისი ერთი ნაწილი, სახელად სპლენიუმი, რომელსაც დოქტორი ბინი სწავლობდა, სინამდვილეში ქალებში უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე მამაკაცებში. როდესაც ეს კვლევა ჟურნალმა „ნიუსვიკიმა“ მასებს მიაწოდა, ის კი არ თქვა, რომ ქალები ინტელექტუალურად უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავართ (იდეა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა წამოწეული) არამედ იმას, რომ უფრო დიდი კკ ჰემისფეროებს შორის მეტ კომუნიკაციას განაპირობებს, რასაც მოხერხებულად „ქალური ინტუიცია“ დაარქვა. ამას მოჰყვა კოორელი ქალებისა და მამაკაცების შესწავლა, რომელმაც ისევ დაადგინა, რომ ეს დაწყევლილი რაღაც კაცებში უფრო დიდია. კორეელები ალბათ განსაკუთრებულები არიან. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით ის ქალებსა და კაცებში ერთი ზომისაა. კიდევ იყო კვლევები: ცოტა დიდი, ცოტა პატარა, თითქმის ერთნაირი, განსხვავება არ არის. 1997 წელს ბიშოპმა და ვოლსტენმა, კორპუს კალოსუმის შესახებ ორმოცდაცხრა კვლევის მიმოხილვის ავტორებმა, დაასკვნეს: „გავრცელებული რწმენა, რომ ქალებს სპლენიუმი უფრო დიდი აქვთ და ამის გამო განსხვავებულად აზროვნებენ, საფუძველს მოკლებულია. უჰჰ, მაგრამ მითი მაინც არსებობს. ერთმა ჩერჩეტმა, რომელსაც სხვა ვერაფერის დაარქმევ, თუ არა ფსევდომეცნიერს, კკ-ს „ტვინის დამცავი მემბრანა“ უწოდა.

საქმე ის კი არ არის, რომ ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება არ არის, არამედ ის, თუ რამდენად განგვასხვავებს ჩვენ ეს განსხვავება და რა ფორმი მიცემას გადავწყვეტთ ჩვენ მისთვის. განსხვავებებისა და მსგავსების, მისი ბიოლოგიის, იდეოლოგიის თუ იდეოლოგიური ბიოლოგიის მეცნიერული დასაბუთება ყველა ეპოქას თავისი ჰქონდა, რაც საბოლოოდ ისევ უზნეო გოგონებთან, მათ ავანტიურებთან და სიბნელის ინსტრუმენტებთან გვაბრუნებს.“ ეს ჰუსტვეტის მოსაზრებებია. თანამედროვე ქალის ლიტერატურულ პერსონაჟის პორტრეტს მიშელ უელბეკის „პლათფორმაში“ იპოვით. ვალერი ამ ეპოქის ქალია, ძლიერი, ჭკვიანი, რადგან ზუსტად ჯდება ეპოქის მოთხოვნებში და მას ემორჩილება.  და როგორია ის? კარიერისტი, რომელსაც ოჯახის შექმნა არ ჭირდება, ახალი ღირებულებებით ცხოვრობს. უელბეკივე ამბობდა მოგვიანებით, ვალერის პერსონაჟი ცოტა გადავამეტეო და მართალიცაა. თანამედროვე ქალები კი ძირითადად ასეთები არიან: სწავლობენ, მუშაობენ (ნებისმიერ სფეროში, ეს უკვე შუზღუდავია. გარკვეული ნაწილი სამხედრო სამსახურშიც მიდის თავისი სურვილით), ჰყავთ მეგობარი ბიჭი (ან ბიჭები) და 30-35 წლის ასაკში თუკი ამის სურვილი ექნებათ ქმნიან ოჯახებს და აჩენენ შვილებს. დღეს უკვე სექსი მხოლოდ გათხოვებასთან და შვილების ყოლასთან აღარ ასოცირდება ცივილიზებულ სამყაროში. დღეს ხალხთა დიდმა ნაწილმა მიაგნო სექსუალური აქტის ნამდვილ გაგებას. დღეს ქალები არაფრით ჩამოუვარდებიან კაცებს, პირიქით.

დღეს ქალი და კაცი ისევ ავსებს ერთმანეთს. თუმცა თავისუფლადაა შესაძლებელი ქალმა კაცის გარეშე იცხოვროს და კაცმა ქალის. ის მოსაზრება, რომ ერთმანეთის გარეშე ეს ორი ადამიანის სახეობა ვერ იარსებებს დღეს მისტიკაა.

ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში გრძნეული (ევა, მედეა...), მოაზროვნე (ვირჯინია, სილვია...) ქალები იშვიათი გამონაკლისებია, რომლებიც ისტორიას ქმნიან, თუმცა რაოდენობრივად წარსულთან შედარებით დღეს გაცილებით მეტია. ეს რეალობაა. ჩემი დაკვირვებით (მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფებების მომხრე არ ვარ) თვალსაჩინოებისათვის ქალების სამ კატეგორიას გამოვყოფ: გენიალურები (რაც თითებზე ჩამოსათვლელია), ჭკვიანები (რომლებიც ეპოქის სასურველი, დამჯერი შვილები არიან) და ბოლოს, უვიცები. ზუსტად ასე დავაგჯუფებდი კაცებსაც.

პ.ს. თუმცა, ქალი აზროვნების დასაწყისია, ის ერთდროულადაა კაცის საყრდენი და მამოძრავებელი ძალა. ამიტომაც ვერ უგებს ბევრი მამაკაცი ევასმსგავს ქალს.



კომენტარები